leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკასა და წინასაარჩევნო აგიტაციაში

უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში, წინასაარჩევნო აგიტაციაში და უნდა შეწყდეს ასეთი დაფინანსება. კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა დონორსა და საელჩოს, რომ მიაქციონ ყურადღება, რათა მათი არც ერთი ცენტი არ აღმოჩნდეს პარტიულ ყულაბაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„სამართლიანი არჩევნების“, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ და სხვა „ენჯეოების“ განცხადებები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ არიან არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციები და ამბობენ, რომ გრძელვადიანად აკვირდებიან მათ შორის წინასაარჩევნო გარემოს. წინასაარჩევნოდ გარემოს ნაწილია პარტიების ფინანსებზე დაკვირვებაც. მაგალითად, ხომ არ ფინანსდება რომელიმე პარტია რუსეთიდან ან სხვა ქვეყნიდან. გუშინ მე მოვისმინე მათი კომენტარები, რომ არსებობს ანტიკორუფციული ბიურო და მან მიხედოსო, ამით მოიცილეს პასუხისმგებლობა. ჯერ ერთი, მადლობა, რომ ნდობა გამოიჩინეს ანტიკორუფციული ბიუროს მიმართ, ეს კარგია, მაგრამ ასე ცესკოც არსებობს და რა საჭიროა მაშინ მათი დაკვირვება? რატომ ამბობენ უარს? ეს მათი პირდაპირი ამოცანაა. გრანტები, რომლებიც ახლა აქვთ, ითვალისწინებს წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვებასაც და მათ შორის პარტიების ფინანსებზე დაკვირვებასაც. ამაზე უარის თქმა გასაკვირია, თუმცა, თუ ჩავეძიებით, აღმოვაჩენთ ასეთ რამეს: ამ პარტიების პირდაპირი თუ ირიბი დაფინანსების სქემაში ხშირად ჩნდება „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ (EED). თუ ნახავს ISFED-ს და სხვებს, ისინიც ფინანსდებიან ამ ფონდიდან. ამ უარის თქმის საფუძველია ის, რომ ეს ეხება მათ დონორს, და მათ სურთ, გამოვიდნენ საკუთარი დონორის მამხილებლად. სწორედ ეს არის უცხოური დაფინანსების ცუდი გავლენა ქართულ არასამთავრობო სექტორში. სინამდვილეში, ეს ორგანიზაციები, რომლებსაც მონოპოლიზებული აქვთ საგრანტო ბაზარი საქართველოში, ატარებენ არა ქართველი ხალხის, არამედ საკუთარი დონორების ინტერესებს, და ამიტომაც არ ეძიებიან ამ საკითხს, რომ არ ამხილონ საკუთარი დონორი. ეს ძალიან შემაშფოთებელია, მითუმეტეს რომ საქმე ეხება ევროკავშირის მიერ დაფუძნებულ ინსტიტუტს,„ევროპის დემოკრატიის ფონდს“, რომელსაც მავნე გავლენა აქვს ქართულ არასამთავრობო სექტორზე. მის მიერ დაფინანსებულ „ენჯეოებს“ ეშინიათ პარტიების ფინანსების შესწავლა, რომ შემთხვევით არ გამოუმჟღავნდეთ, რომ მათივე დონორია ჩართული ქართული პოლიტიკის დაფინანსების უკანონო სქემებში. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში, წინასაარჩევნო აგიტაციაში და უნდა შეწყდეს ასეთი დაფინანსება. კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა დონორსა და საელჩოს, რომ მიაქციონ ყურადღება, რათა მათი არც ერთი ცენტი არ აღმოჩნდეს პარტიულ ყულაბაში“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ასევე იხილეთ