შალვა პაპუაშვილი: უვიზო მიმოსვლაზე, პირდაპირ ფრენებსა და ინვესტიციების წახალისებაზე საჭიროა ამერიკიდან საპასუხო ნაბიჯების გადმოდგმა – ამ მხრივ ჩვენ ყველანაირ ნაბიჯს ვდგამთ
„ჩვენი მხრიდან არის ყველანაირი მზაობა, ხელი შევუწყოთ იქნება ეს ამერიკული თუ ქართული ავიაკომპანიები, რომ პირდაპირი მიმოსვლა ჰქონდეთ. უვიზო მიმოსვლაზე, პირდაპირ ფრენებსა და ინვესტიციების წახალისებაზე საჭიროა ამერიკიდან საპასუხო ნაბიჯების გადმოდგმა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ხაზგასასმელია ის 34-წლიანი მხარდაჭერა ამერიკისა და ამერიკელი ხალხისგან, რომელსაც საქართველო გრძნობს მისი დამოუკიდებლობის მომენტიდან და ჩვენ მადლიერი ვართ ამერიკელი ხალხის, რომ გვერდში გვედგა ყველა ძნელბედობის ჟამს.
რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და განსაკუთრებით ეს ეხება ეკონომიკურ და ხალხთა შორის ურთიერთობების.
ჩვენი სურვილია, რომ აშშ-თან, რომელთანაც ამდენწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს, ეს რეალური, ხელშესახები, ეკონომიკურ და ხალხთაშორის ურთიერთობაშიც გადაითარგმნოს კერძოდ: ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლაში, პირდაპირ ფრენებსა და ინვესტიციებში. ამ მხრივ ჩვენ ყველანაირ ნაბიჯს ვდგამთ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.