შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელობა არ აქვს, საიდან იქნება არჩევნებში ჩარევა – რუსეთის, ევროკავშირისა თუ აშშ-ის ტერიტორიიდან, ნებისმიერი ჩარევა ქართველი ხალხის არჩევანში ჩარევაა
„ოპოზიციურ პარტიებს შექმნილი აქვთ სქემა, „ენჯეოების“ მეშვეობით იმისთვის, რომ უკანონო შემოწირულობები მიიღონ. აქ საუბარია უცხოეთიდან დაფინანსებაზე,“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციის დიდი ნაწილი ფინანსდება პირდაპირ საზღვარგარეთიდან. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ საარჩევნო წელი გვაქვს, ეს საქართველოს არჩევნებში უცხოეთიდან ჩარევის ტოლფასია. უცხოეთიდან ჩარევა ერთ-ერთი საფრთხეა, რომელიც მოსალოდნელია ამ არჩევნებზე. უპირველეს ყოვლისა, საფრთხე მომდინარეობს რუსეთიდან, მაგრამ ხაზს ვუსვამ: მნიშვნელობა არ აქვს, საიდან იქნება ჩარევა – რუსეთის, ევროკავშირისა თუ აშშ-ის ტერიტორიიდან, ნებისმიერი ჩარევა ქართველი ხალხის არჩევანში ჩარევაა და სწორედ რუსული სტილია“, -აღნიშნა პაპუაშვილმა.