left_sabechdi

ლევან მაჭავარიანი: ყველას გპირდებით, რომ ჩვენი სახელმწიფო იქნება დამოუკიდებელი და სუვერენული

გლობალური გამოწვევების და საფრთხეების წინაშე დგას დღეს მსოფლიო. როგორც გავლენიანი ექსპერტები საუბრობენ, არსებობს მესამე მსოფლიო ომის რეალური საფრთხე და ამ ყველაფრის ფონზე – საქართველო ინარჩუნებს მშვიდობას“, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

„მათ თქვეს, რომ საქართველოში არის დემოკრატიის უკუსვლა, თუმცა, რეალური მიზეზი „გამჭვირვალობის კანონია“, რომელიც აშშ-ში უკვე თითქმის ერთი საუკუნეა, გაცილებით მკაცრი ფორმებით მოქმედებს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

მისი თქმით, აშშ-ს არ დაუსანქცირებია და არც აუგი უთქვამს იმ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომლის დროსაც ნულოვანი დემოკრატია იყო საქართველოში, რომლის დროსაც ხდებოდა სისტემური წამება და გაუპატიურება, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა, მოქალაქეების საძინებელში თვალთვალი, ბიზნესის რეკეტი, პირდაპირ ეთერში ტელევიზიების დარბევა, სასტიკი დარბევა აქციებზე და 0.01% გამამართლებელი განაჩენი.

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის დღევანდელი სისტემა ეფუძნება ადამიანის თავისუფლების და ღირსების იდეას. მისივე თქმით, დღეს არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება; ბიზნესის თავისუფლება და მედიის თავისუფლება, რის დასტურად, „ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო მმართველობის მიხედვით, თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაასახელა, სადაც ქვეყანა უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ წევრ ქვეყანას და ევროკავშირის რამდენიმე მოქმედ წევრსაც.

„ამხელა ისტერია რეალურად მხოლოდ იმიტომაა შექმნილი, რომ ვდგამთ რეალურ ნაბიჯებს უფრო მეტი დამოუკიდებლობისკენ და სუვერენიტეტის გამყარებისკენ. ეს საქართველოს გარდა არავის აწყობს – არც ჩრდილოეთს, არც სამხრეთს, არც დასავლეთს და არც აღმოსავლეთს – ეს მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესშია, რასაც ჩვენ ვემსახურებით. ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად არც ერთი ნაბიჯით უკან დახევას არ ვაპირებთ. ყველას გპირდებით, რომ ჩვენი სახელმწიფო იქნება დამოუკიდებელი და სუვერენული და სწორედ, ჩვენი სუვერენიტეტით, ღირსებით და იდენტობით გავხდებით ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ასევე იხილეთ