left_sabechdi

ირაკლი ქადაგიშვილი: არასდროს ავყოლივართ იმ პოლიტიკურ ინტრიგას, რომელიც ამ პერიოდში გათამაშდა საქართველოსა და უკრაინას შორის

“ჩვენ არასდროს ავყოლივართ სპეკულაციებს, არასდროს ავყოლივართ იმ პოლიტიკურ ინტრიგას, რომელიც ამ პერიოდში გათამაშდა საქართველოსა და უკრაინას შორის. ჩვენ ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვრჩებით უკრაინის მიმართ მხარდაჭერისა და დახმარების პოზიციაზე”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ ომის დაწყების პირველივე წუთებიდან, პირველივე დღეებიდან მკაფიოდ დაუჭირა მხარი უკრაინას, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის საქართველოს თანმიმდევრული პოლიტიკის და პოზიციის გაგრძელება უკრაინასთან მიმართებაში და იმ ომთან მიმართებაში, რაც უკრაინაში მიმდინარეობს. ჩვენ ომის დაწყების პირველივე წუთებიდან, პირველივე დღეებიდან მკაფიოდ დავუჭირეთ მხარი უკრაინას, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. დავგმეთ აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გამოიხატა იმ, როგორც აღინიშნა დღეს კიდევ, 600-მდე სხვადასხვა პლატფორმაზე მიღებულ განცხადებებში თუ სხვა დოკუმენტებში, სადაც საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ლიდერი სახელმწიფო.

ამ შემთხვევაში, ჩვენთვის ეს განპირობებული იყო არა იმით მხოლოდ, რომ ჩვენ ევროკავშირის კანდიდატობის მაძიებელი ქვეყანა ვიყავით უკრაინასთან ერთად, არამედ, იმ სოლიდარობიდან გამომდინარე, რაც, ზოგადად, ჩვენ უკრაინის მიმართ გაგვაჩნია, ყოველგვარი ამ პოლიტიკური პლატფორმების გარეშე და ზოგადად, იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ საქართველო, თვითონ როგორც ქვეყანა, დაზიანებული აგრესიისგან და მისი ტერიტორიული მთლიანობა შელახულია, ჩვენ ყველგან და ყოველთვის მოვითხოვთ პრინციპულად, რომ ეს პრინციპი იყოს დაცული საერთაშორისო ურთიერთობებში.

ეს პლატფორმა, რომელიც დღეს ბერლინში მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში პირველივე დღიდან დავიწყეთ უკრაინის მიმართ ჰუმანიტარული დახმარების განხორციელება. აქ არა მარტო სახელმწიფო ინსტიტუტები, ადგილობრივი თვითმმართველობები იყვნენ ჩართული, აქ ჩართულები იყვნენ საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეები.

ჩვენ მივიღეთ, რა თქმა უნდა, უკრაინიდან ლტოლვილი მოსახლეობა. ბავშვებს მივეცით საბავშვო ბაღებში და საშუალო სკოლებში განათლების მათ ენაზე მიღების საშუალება და თვითონ უკრაინიდან ლტოლვილ მოქალაქეებს მიეცათ ისეთივე ტიპის სოციალური პაკეტები, როგორც ჩვენ საკუთარ ლტოლვილ მოსახლეობას აქვს.

ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ შევუერთდით საერთაშორისო სანქციებს, რომელიც ითვალისწინებდა, რომ რუსეთში არ მომხდარიყო სანქცირებული საქონლის თუ ფინანსების მოხვედრა.

ასე, რომ ჩვენ ამ მიმართულებით თავიდანვე თანმიმდევრული პოლიტიკა გავატარეთ და დღეს ეს თანმიმდევრული პოლიტიკა, ბუნებრივია, კვლავ გაგრძელდება იმ ფორმატში, რა ფორმატშიც დღეს ბერლინში იყო ამაზე საუბარი.

რა თქმა უნდა, ალბათ ამას წინ უნდა უსწრებდეს გარკვეული სამშვიდობო პოზიციის გამყარება ამ ქვეყანაში, აღმშენებლობა და რეკონსტრუქცია უკრაინისა, როგორც სახელმწიფოსი, იმიტომ, რომ იქ რამდენიმე თემა იყო განხილული, საუბარი იყო არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის აღდგენაზე, საუბარი იყო თვითმმართველობის დონეების აღდგენაზე, საუბარი იყო სოციალური ინსტიტუტების აღდგენაზე და ამიტომ, ყველა ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, საქართველო თავის როგორც გამოცდილებას, ასევე, სხვა კუთხით ძალისხმევას, ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენებით ამას განვახორციელებთ და კიდევ ერთხელ აქ ვიმეორებთ, რომ ჩვენ არასდროს ავყოლივართ სპეკულაციებს, არასდროს ავყოლივართ იმ პოლიტიკურ ინტრიგას, რომელიც ამ პერიოდში გათამაშდა საქართველოსა და უკრაინას შორის. ჩვენ ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვრჩებით უკრაინის მიმართ მხარდაჭერისა და დახმარების პოზიციაზე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე იხილეთ