კულტურის სამინისტრო: მადლობა ბიძინა ივანიშვილს იმ ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილებისთვის, რომელიც იოანე ზოსიმეს ხელნაწერთან დაკავშირებით მიიღო – ეს ეროვნული საქმე განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ქართული კულტურის ისტორიაში
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო დიდ მადლობას უხდის ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს იმ ისტორიული და ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მათ იოანე ზოსიმეს ხელნაწერთანდაკავშირებით მიიღეს., – ამის შესახებ ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„დღეს, ბიძინა ივანიშვილის მიერ კრისტის აუქციონზე შეძენილ იქნა პალიმფსესტი, Codex Sinaiticus Rescriptus, შედგენილი არამეულ და ქართულ ენებზე, რომლის ქვედა ფენა დათარიღებულია მე-5-მე-7 საუკუნეებით, ხოლო გვიანდელი ფენა თარიღდება 979 წლით და შესრულებულია იოანე ზოსიმეს მიერ.
სამინისტრო სიხარულით აღნიშნავს, რომ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, წმინდა ხელნაწერი გადაეცემა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და ის ღირსეულ ადგილს დაიკავებს ქრისტიანულ საგანძურში (ოქროს ფონდი), როგორც იოანე ზოსიმეს ერთადერთი ხელნაწერი საქართველოში.
ხელნაწერს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს, ასევე ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევისათვის.
იოანე ზოსიმეს მიერ შექმნილი ხელნაწერი, რომელიც მის მიერვე არის აკინძული, საქართველოში ბრუნდება. ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული ეს ეროვნული საქმე განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს საქართველოსა და ქართული კულტურის ისტორიაში“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
ცნობილი ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე მილიონ ფუნტად შეიძინა იოანე – ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.