შალვა პაპუაშვილი: უამრავ მამულიშვილურ საქმეთა შორის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებათა ნუსხაშია, იოანე ზოსიმეს ხელნაწერის სამშობლოში გადმობრძანება ერთ-ერთი ფასდაუდებელი აქტია
„უამრავ მამულიშვილურ საქმეთა შორის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებათა ნუსხაშია, იოანე ზოსიმეს ხელნაწერის სამშობლოში გადმობრძანება ერთ-ერთი ფასდაუდებელი აქტია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ქართული სულიერების უდიდესი მოღვაწის, ბერი იოანე ზოსიმეს ხელნაწერი სულ მალე საქართველოს საგანძურში დაიდებს ბინას.
პალიმფსესტში, სადაც თავდაპირველი ტექსტი დასავლურ არამეული დიალექტია, იმავე ფურცლებზე ხუცური ანბანით მე-10 საუკუნის ქართული ტექსტია დატანილი. ბერი იოანეს ხელნაწერები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშია გაბნეული და დღემდე არც ერთი მათგანი არ მოიპოვებოდა ჩვენს წიგნთსაცავებში. მათ შორისაა „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“, რომლის ოთხი ხელნაწერიდან, სამწუხაროდ, ასევე არც ერთი არაა საქართველოში დავანებული.
იოანე ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოსთვის გადმოცემა მართლაც უდიდესი მოვლენაა ქართული სულიერებისა და კულტურის ისტორიაში. უამრავ ქართულ, ჭეშმარიტად მამულიშვილურ საქმეთა შორის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებათა ნუსხაშია, იოანე ზოსიმეს ხელნაწერის სამშობლოში გადმობრძანება ერთ-ერთი მართლაც ფასდაუდებელი აქტია, უძვირფასესი საჩუქარია ჩვენი ქვეყნისა და მისი მომავლისთვის.
საქართველო, როგორც უძველესი ქრისტიანული ცივილიზაცია, ამაყია თავისი სასულიერო მწიგნობრობით; ქრისტიანულ კერებში საუკუნეების მანძილზე მოღვაწეობდნენ ქართველი გადამწერნი, მეცნიერნი თუ ფილოსოფოსნი, და ამით უდიდესი წვლილი შეჰქონდათ მსოფლიო ქრისტიანობის საგანძურში. იოანე ზოსიმე ერთ-ერთი უბრწყინვალესია მათ შორის. ყველას გილოცავთ ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად საამაყო და ღირსეულ მონაპოვარს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.