დღეს მიმოქცევაში შემოვიდა საქართველოს მარკების სამმარკიანი სერია, რომელიც საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას ეძღვნება. ახალი მარკების პრეზენტაციაც გამართულა „რედისონში“ – ჩემმა სტუდენტებმა მომწერეს. ფეხბურთისადმი მიძღვნილი ჩემი ძველი მარკებიც გამოუფენიათ. ფოტოც გამომიგზავნეს.
არ ვიცი, საქართველოს საფოსტო ადმინისტრაციას რამდენი მარკა აქვს სადღეისოდ ფეხბურთისადმი მიძღვნილი, მაგრამ პირველი სამი გამოშვების ავტორი მე ვარ – 2001-2004 წლებში ერთი მარკა, ერთი ბლოკი, და ერთი ოთხმარკიანი სერია გამოვიდა ჩემი დიზაინით. ჩემი დიზაინით გამოვიდა აგრეთვე ევროპისადმი მიძღვნილი პირველი ქართული მარკაც.
სულ კი წლების განმავლობაში ალბათ 70-მეტი მარკა მექნება გაკეთებული საქართველოს ფოსტისათვის, თან სწორედ მაშინ, როცა ეს საქმე ფეხს იდგამდა საქართველოში. მათგან ნახევარზე მეტი სპორტულ თემატიკას ეძღვნება. დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველოს სულ-სულ პირველი მარკების ავტორიც მე ვარ – პირველი, მეორე და მესამე გახლავთ მათი რიგითი ნომრები საქართველოს მარკების ოფიციალურ კატალოგში.
ბოლო ამბები ნაკლებად ვიცი, მაგრამ საერთო რაოდენობით ალბათ მხოლოდ ჩემს მეგობარს ბაადურ ქობლიანიძეს ექნება ჩემზე მეტი ქართული მარკა გაკეთებული. სხვათა შორის, სწორედ ის არის ამ ახალი მარკების დიზაინის ავტორი.
მერე რა, რომ არავინ დამპატიჟა, მართლა გამიხარდა ქართული მარკების ეს ახალი საფეხბურთო სერია, როგორც ქართველს, როგორც ფეხბურთის გულშემატკივარს, როგორც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დამფუძნებელს, როგორც ფილატელისტს, როგორც მარკის დიზაინერს…
მაგრამ კიდევ უფრო გამიხარდებოდა, თუ საქართველოს ფოსტა პრეზენტაციის ამბავს გამაგებინებდა და საშუალებას მომცემდა, ჩემი აღტაცება ამ ფაქტისადმი „რედისონში“ შეკრებილი პუბლიკისთვისაც გამეზიარებინა და გამოშვების საკოლექციო ეგზემპლარსაც შემახვედრებდა.
და რა თქმა უნდა, უფრო მეტად გამიხარდება, რომ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საქართველოს ფოსტას კიდევ ერთხელ მიეცეს მარკების გამოშვების საბაბი ჩვენი ფეხბურთელების გერმანიაში წარმატებული გამოსვლის აღსანიშნავად. მარკებს, – რას იზამ, – მშრალ ხიდზე ვიყიდი, მათ შორის ალბათ საკოლექციო ეგზემპლარებსაც.