leaderboard_below_slide
left_sabechdi

სტოლტენბერგი და ორბანი შეთანხმდნენ, რომ უნგრეთი უკრაინის დახმარების თაობაზე ნატოს გადაწყვეტილებებს არ დაბლოკავს

იენს სტოლტენბერგი და ვიქტორ ორბანი შეთანხმდნენ, რომ უნგრეთი უკრაინის დასახმარებლად ნატოს ძალისხმევაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა ივლისში ვაშინგტონის სამიტზე ალიანსის შესაბამის გადაწყვეტილებებს არც დაბლოკავს. ეს განცხადება მათ ბუდაპეშტში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

„შევთანხმდით, რომ უნგრეთი არ დაბლოკავს სხვა მოკავშირეების გადაწყვეტილებას უკრაინისთვის გრძელვადიანი დახმარების და მის კოორდინირებაში ნატოს მოწინავე როლის საკითხზე. თუმცა იმავდროულად, უნგრეთი ამის მონაწილე არ იქნება. ამ აქტივობებზე უნგრული ფინანსები არ დაიხარჯება. პრემიერ-მინისტრმა ორბანმა მკაფიოდ განგვიმარტა, რომ უნგრეთი ასეთ პირობებში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა ის გააგრძელებს ნატოს შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

თავის მხრივ, ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ ბუდაპეშტს არ აქვს სურვილი ნატოს სხვა წევრების პოზიციები შეცვალოს.

„უნგრეთი არ აპირებს ალიანსის ტერიტორიის გარეთ და პირველ რიგში, უკრაინაში ნატოს სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას, თუმცა ვაცნობიერებთ, რომ პოზიცია უკვე ჩამოყალიბებულია და ჩვენ არ გვაქვს ამ სიტუაციის შეცვლის შესაძლებლობა. ბუდაპეშტს არ აქვს სურვილი ნატოს სხვა წევრების პოზიციები შეცვალოს და არც ნატოს იმ გადაწყვეტილებების დაბლოკვას გეგმავს, რომლებიც უნგრეთის შეხედულებებისგან განსხვავდება“, – აღნიშნა ორბანმა.

ასევე იხილეთ