გიორგი ცაგარეიშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ნებისმიერ პლატფორმას გამოიყენებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობები მაღალ დონეზე ავიდეს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ პრემიერის გერმანიაში ვიზიტი შეაფასა.
„ბერლინში ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი შედგა უკრაინის მხარდამჭერი. მასში ჩვენი პრემიერის მონაწილეობა ძალიან სიმბოლური იყო მრავალი ფაქტორიდან გამომდინარე. ჩვენ ჩვენს თავზე გვაქვს ნაწვნევი ოკუპაციის საშინელი სუსხი, რუსული დაუნდობელი აგრესია. ჩვენ გადმოცემით კი არ ვიცით რას ნიშნავს რუსული ოკუპაცია, არამედ ვართ ის ქვეყანა, რომელიც დღემდე ამ საშინელი აგრესიის მსხვერპლია. ჩვენი თანამონაწილეობა ამ ფორუმში გარკვეულ სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა და კიდევ ერთხელ ხაზგასმა იყო იმისა, რომ გვერდით ვუდგავართ გმირ უკრაინელ ხალხს, რომელიც თავის ქვეყანას იცავს რუსული აგრესიისგან. ყველა იმ საშუალებით ვეხმარებით უკრაინას, რაც შეგვიძლია. მნიშვნელოვანი იყო ყველა ის გზავნილი, რაც პრემიერმა გაახმოვანა.
ჩვენ ვართ უკრაინის პარტნიორი ქვეყანა, ერთი ისტორია გვაქვს და დავესესხები ბატონ კობახიძეს, ვერავინ ამას ვერ შეცვლის. ნებისმიერი ასეთი ფორუმი უნდა იყოს გამოყენებული კონტაქტებისთვის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. არც ეს ფორუმი იყო გამონაკლისი. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრი და ზოგადად, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ნებისმიერ პლატფორმას გამოიყენებს, რომ [საერთაშორისო პარტნიორებთან] ურთიერთობები მაღალ დონეზე ავიდეს და ყველა იმ გაუგებრობას, რბილად რომ ვთქვათ, წერტილი დაესვას, რომელიც გაჩნდა სხვადასხვა სტრატეგიულ პარტნიორთან, თუ ქვეყანასთან ამ უკანასკნელი მოვლენებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.