leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი იონათამიშვილი: ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევები მძიმე გავლენას ახდენს შშმ პირებზე, ვითარება ერთნაირად მძიმეა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის შშმ პირებისათვის

„ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევები განსაკუთრებით მძიმე გავლენას ახდენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, ვითარება ერთნაირად მძიმეა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის შშმ პირებისათვის”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა გაეროს შშმ პირთა უფლებების მე-17 ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ქალბატონებო და ბატონებო, მოხარული ვარ, რომ შემიძლია წარვდგე თქვენს წინაშე ჩემი ქვეყნის -საქართველოს სახელით, რომელიც არის ამაყი და თავისუფალი ქვეყანა, სადაც მაღალი სტანდარტით არის დაცული კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, გამჭვირვალობის პრინციპი, ტრადიციული და ევროპული ფასეულობები. ერთი წლის წინ, თქვენს წინაშე, მე ვსაუბრობდი, რომ საქართველო ელოდა ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის მიღებას და გიყვებოდით ქართველი შშმ პირების დამსახურებაზე ამ გზაზე, მათ შორის, გლობალური მშვიდობის დაცვის პროცესში შეტანილ წვლილზე. დღეს, მე სიამაყით გიზიარებთ, რომ საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ჩვენ ღირსებით განვაგრძობთ გზას ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისაკენ.

1991 წელს საქართველო იყო პირველი რესპუბლიკა, რომელმაც მოიპოვა დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირისგან, ჩვენ ვამაყობთ ამ ისტორიით. მიუხედავად გამოწვევებისა, ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი სუვერენიტეტი და დღეს საქართველო „შუა დერეფნის“ სახით თამაშობს გადამწყვეტ როლს ევროპისა და აზიის სავაჭრო გზების დასაკავშირებლად. ამიტომ ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით მშვიდობის და თავისუფლების ფასი.

ძვირფასო მეგობრებო, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო მიმდინარე სესიის თემატური ფოკუსის მნიშვნელობა – შეზღუდული შესაძლებლობის ინკლუზია, რომელიც შშმ პირთა უფლებების დაცვის ქვაკუთხედს წარმოადგენს. მომავლის სამიტის მოლოდინში, მოდით გავიმეოროთ ჩვენი ვალდებულება, კიდევ უფრო გავაძლიეროთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობა შშმ პირთა უფლებებისთვის და არავინ დავტოვოთ აღნიშნულის მიღმა.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ ამ სესიის ფარგლებში, არის ჰუმანიტარულ საგანგებო სიტუაციების დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა.

ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევები განსაკუთრებით მძიმე გავლენას ახდენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, ვითარება ერთნაირად მძიმეა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის შშმ პირებისათვის. სიტუაცია კიდევ უფრო მწვავდება რუსეთის ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის რეგიონში მოქმედი გაეროს სააგენტოებსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლის გამო, რომლებიც ორიენტირებულნი არიან კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების პირობების გაუმჯობესებაზე. ხელოვნურად დაყოფილ თემებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობა, საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიცია და გაძლიერებული ჰუმანიტარული ძალისხმევა არის საჭირო იმისათვის, რომ ამ პირებს შეეძლოთ საჭირო სერვისებითა და შესაძლებლობებით სარგებლობა.

დასასრულს, 2024 წელი არის ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების წელი! ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მსოფლიოში მცხოვრები 1,2 მილიარდი შშმ პირისთვის, არამედ მსოფლიოს თითოეული მოქალაქისთვის, რადგან პარალიმპიური თამაშები ყველაზე კარგად აჩვენებს, რომ თანასწორობის, მშვიდობისა და თავისუფლების იდეას ალტერნატივა არ გააჩნია! და მე მჯერა, არ არის შორს ის დრო, როდესაც პარალიმპიურ მწვერვალებს ქართველი პარაათლეტები აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად დავლაშქრავთ! არა ოკუპაციას! კი მშვიდობასა და თანასწორობას!“ – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ასევე იხილეთ