top_leaderboard
left_sabechdi

ლევან კობიაშვილი: პირველ რიგში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოთამაშე იყოს ჯანმრთელი და ამ კუთხით, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად არის

„პირველ რიგში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოთამაშე იყოს ჯანმრთელი და ამ კუთხით, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად არის”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა.

„უკვე ვიმყოფებით ადგილზე, რამდენიმე დღეა, რაც ჩამოვედით. საკმაოდ კარგად გამოვიყენეთ ამხანაგური თამაში, შედეგიც ისეთი იყო, როგორსაც ვისურვებდით, და უკვე გერმანიაში ვართ. ყველაფერი იდეალურადაა, აქ ჩამოსვლა, ქვეყანაში, სადაც ევროპის ჩემპიონატი ტარდება, რა თქმა უნდა, ძალიან ემოციურია და ეს დღეები, სანამ პირველი ოფიციალური თამაში გვექნება, კიდევ გაგვყვება. რაც უფრო ახლოვდება თამაშის დღე, დაძაბულობა თითოეულ ჩვენგანში, მათ შორის მოთამაშეებშიც, რა თქმა უნდა, იზრდება, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ 18 ივნისს, როდესაც მოედანზე გავალთ, აბსოლუტურად სხვა შეგრძნება ექნება გუნდსაც და ჩვენც, ვინც გარედან გულშემატკივრობს.

განწყობა იდეალურია, ალბათ ნახეთ ბოლო თამაშიც, საკმაოდ კარგად გამოვიყურებით. ავსტრიაში შეკრებაც გამოვიყენეთ იმისთვის, რომ გუნდი კიდევ უფრო მობილიზებული იყოს, კიდევ უფრო დაიხვეწოს. პირველ რიგში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოთამაშე იყოს ჯანმრთელი და ამ კუთხით, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად არის. მცირე პრობლემები გვაქვს – კიტეიშვილმა მიიღო მცირე ტრავმა, რამდენიმე დღე დაისვენებს და დარწმუნებულები ვართ, რომ 18-ისთვის ყველაფერი კარგად იქნება. ასევე საბა კვერკველიას აქვს მცირე ტრავმა და ასევე გვჯერა, რომ საბაც მოახერხებს, 18 ივნისს მოედანზე იყოს. სხვა ყველაფერი კარგად არის, არაჩვეულებრივი პირობებია, არაჩვეულებრივი სავარჯიშო მოედანი, როგორც შეეფერება მასპინძელ ქვეყანას – გერმანიას. ვიცით, რომ შეუძლიათ, იდეალურად უმასპინძლონ ასეთი მასშტაბის ტურნირებს. ყველაფერი ისე მიდის, როგორც დაგეგმილი გვაქვს”, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ასევე იხილეთ