“არის სისხლის სამართლებრივი ნაწილი და არის პოლიტიკური ნაწილი. როდესაც საუბარი იყო, იმ კონტექსტში, რომ ნახსენებია პრემიერ-მინისტრ ფიცოს შემთხვევა, რა თქმა უნდა, ეს კონტექსტი იყო აბსოლუტურად მიუღებელი და პოლიტიკურად გარკვეული მინიშნების მიმცემი”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
„რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროპულ საკითხებზე, ვსაუბრობთ ევროპელ ჩინოსნებთან, აქ მოყვანა იმის, რომ რაღაც კანონმა შეიძლება გამოიწვიოს, რომ ვიღაცამ აიღოს ხელში იარაღი და ესროლოს სხვას, რატომ უნდა მოხდეს საერთოდ ამის დაშვებაც კი. კიდევ ერთხელ, ეს იყო არასწორ პოლიტიკურ კონტექსტში ნათქვამი სიტყვები, რომელიც თავისთავად ტოვებს გარკვეულ აღქმას, რომ არის აბსოლუტურად დაუშვებელი საკითხების დაშვება, რაც თავის მხრივ, არის დაუშვებელი. როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკურ საკითხებზე, კანონებზე და ა.შ. აქ ექსტრემისტული ქმედების მოყვანა, ექსტრემიზმი, როგორც სავარაუდო სცენარი, ეს, რა თქმა უნდა, არის გამაოგნებელი.
მაშინ, ყოველ ჯერზე, ყველა საკითხზე შეიძლება ვთქვათ, რომ კი, მაგრამ, ვიღაცამ რომ იარაღი აიღოს და ესროლოს ვიღაცას? ანუ, ეს ექსტრემიზმის ნორმალიზების გარკვეული სახეა, როდესაც პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით, თუ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში საუბარი შეეხებოდა კანონმდებლობის საკითხს, აქ ექსტრემიზმის, როგორც სავარაუდო სცენარის მოყვანა, ამავდროულად, საუბარი იმაზე, რომ თითქოს ამ კანონს აპროტესტებენ პროევროპული ჯგუფები და უშვებ, რომ პროევროპული ჯგუფები შეიძლება ექსტრემიზმით დაკავდნენ და ვიღაცას ტყვია ესროლონ, ეს, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად გამაოგნებელი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.