left_sabechdi

დიმიტრი ხუნდაძე მცხეთის ორი საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე: მაქვს განათლების მინისტრის იმედი, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით მასთან საუბრები მაძლევს ამის საფუძველს

„მინდა თავად ქალაქ მცხეთის ორ სკოლაზე ვისაუბრო, რა პრობლემასთან დაკავშირებითაც მინისტრს ბევრი ინფორმაცია აქვს“, – ამის შესახებ პარლამენტში განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის ანგარიშის მოსმენისას „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძემ გიორგი ამილახვართან მცხეთის მუნიციპალიტეტის ორ საჯარო სკოლასთან დაკავშირებით დააზუსტა საკითხი.

„ამ თემას ამ ტრიბუნიდან აქტუალიზაციისთვის ვაჟღერებ, რადგან ნამდვილად მოითხოვს მეტ ყურადღებას. მაქვს განათლების მინისტრის იმედიც, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით მასთან საუბრები მაძლევს ამის საფუძველს. მცხეთის მუნიციპალიტეტში ორი ძირითადი სკოლაა – პირველი და მეორე საშუალო სკოლა. არსებული რეალობიდან გამომდინარე, ერთის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს და მეორის მშენებლობაზე ვიზრუნოთ, რაც შეიძლება სწრაფად. სწრაფად დავიწყებთ და შედეგზეც სწრაფად გავალთ. ამიტომ, ამ საკითხის გადადება, ვფიქრობ, არასწორი იქნება. მართალია, განათლების მინისტრთან შევთანხმდი, რომ ამ დღეებში კიდევ უნდა შევხვდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ამ შეხვედრის წინ კიდევ მინდა ვთხოვო, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხი მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის და მინდა, რომ ამ მხრივ უფრო მეტად გავაქტიურდეთ“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, მცხეთის საჯარო სკოლების საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„ვიცით, რომ პირველ საჯარო სკოლასთან დაკავშირებით პროექტირების საკითხი დაკავშირებულია გარკვეულ ვადებთან, იუნესკოს მოთხოვნებიდან გამომდინარე, მაგრამ, არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომლის პროექტირებასაც დავიწყებთ. რაც შეეხება მეორე საჯარო სკოლას, აქაც, კონკრეტულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ის სკოლა, რომელზეც სატენდერო პირობებს ახლო მომავალში გამოვაცხადებთ და მისი რეაბილიტაცია მყისიერად დაიწყება. შესაბამისად, ეს ორი სკოლა არის გეგმაში და მოსახლეობას ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პირობა შეგვიძლია მივცეთ“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

ასევე იხილეთ