left_sabechdi

დავით ნინიაშვილის ტრანსფერი ფრანგული რაგბის ორ გრანდს სურს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ლიონის ვარსკვლავი დავით ნინიაშვილი, შესაძლოა, ერთ-ერთ ფრანგულ გრანდში აღმოჩნდეს. როგორც პოპულარული Rugbypass წერს, 21 წლის ქართველი უკანახაზელის გადაბირება ტულონსა და ლა როშელს სურთ.

“დავით ნინიაშვილს ლიონთან არცთუ დიდხნიანი კონტრაქტი აკავშირებს, ამდენად, ის საფრანგეთის TOP 14-ის წამყვანი კლუბების ინტერესის სფეროშია. ჩვენი ინფორმაციით, საუბარია ტულონსა და ლა როშელზე, თუმცა, საბოლოო შეთანხმებამდე ჯერ კიდევ შორია. ნინიაშვილს ლიონთან ხელშეკრულება 2025 წლის 1 ივლისს ეწურება და კლუბს კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გაგრძელება სურდა, თუმცა, როგორც სჩანს, ქართველ მორაგბეს სხვა გეგმები აქვს.

ლა როშელი ბრის დულენის შემცვლელის ძიებაშია, რომელსაც მომავალი წლის აპრილში 35 წელი უსრულდება. რაც შეეხება ტულონს, მას უკანა ხაზში ვაკანსია მას მერე გამოუთავისუფლდა, რაც ომერიკ ლუკმა პოში გადასვლა არჩია. მართალია, ლიონთან კიდევ ერთწლიანი კონტარქტი აკავშირებს, ნინიაშვილმა შესაძლოა, კლუბი ამ ზაფხულშივე დატოვოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი რომელიმე გრანდი მის სანაცვლოდ შესაბამის კომპენსაციას გადაიხდის”.

შეგხსენებთ, რომ ნინიაშვილი ლიონში 2021 წელს გამოჩნდა და დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ 2022 წელს კლუბმა ჩელენჯ ქაფის მოგება მოახერხა. დავითს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტიც 2021 წელს ჰქონდა და მას მერე 28 მატჩში 9 ლელო აქვს დადებული. 2023 წლის მსოფლიო თასზე ის ბურთით დაფარული მეტრების მხრივ საუკეთესოთა შორის იყო.

ასევე იხილეთ