leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზაალ მიქელაძე განათლების მინისტრს: ჩემი თხოვნაა, სასწავლო სახელმძღვანელოში შეტანილ იქნას ისტორიული ხინოს ხეობა, რომელიც ქობულეთისთვის და არა მხოლოდ მისთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ზაალ მიქელაძემ მინისტრის საათის ფარგლებში გიორგი ამილახვარს ხინოს ხეობის ისტორიის სახელმძღვანელოში შეტანასთან დაკავშირებით მიმართა. მიქელაძის თქმით, ხინოს ხეობაში მე-9 მე-10 საუკუნეებში აგებული იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაა შემორჩენილი, რომელიც ისტორიულ ადგილს წარმოადგენს და ახლა ხინოს საეპისკოპოსო ცენტრია. მიქელაძის თქმით, ადგიოლობრივი ისტორიკოსების, უხუცესთა საბჭოს და რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის თხოვნაა ხინოს ხეობა ისტორიის სახელმძღვანელოში მოხვდეს.

„მადლობა თქვენ და თქვენს გუნდს გაწეული სამუშაოსთვის და იმ სიახლეებისთვის, რაც დააანონსეთ უკანასკნელ დღეებში და განსაკუთრებით იმ სიახლეებისთვის, რაზეც დღეს ისაუბრეთ. მოგეხსენებათ, სასკოლო განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესო ამოცანაა მოსწავლეთა აღზრდა უნივერსალური, ზოგადსაკაცობრიო და ეროვნული ფასეულობებისადმი ერთგულებისა და პატივისცემის სულისკვეთებით. მოგეხსენებათ, რომ ამ მხრივ დიდი როლი ეკისრება სასკოლო ისტორიის სახელმძღვანელოებს. მისი საშუალებით ხდება საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების, წინაპართა გმირობის, მამაცობის, საქართველოს ისტორიული წარსულის გაცნობა. ამ მხრივ მსურს ყურადღება გავამახვილო აჭარის რეგიონის სკოლებში შესწავლის საკითხზე. წარმოვადგენ რა ქობულეთს პარლამენტში და ვარ მაჟორიტარი, ჩემი თხოვნაა, რომ სასწავლო სახელმძღვანელოში შეტანილ იქნას ისტორიული ხინოს ხეობა, რომელიც ქობულეთისთვის და არა მხოლოდ მისთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილი. ის ზღვის დონიდან 1040 მეტრზე მდებარეობს. ხინოს ხეობაში შემორჩენილია იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია, რაც წარმოადგენს ხინოს საეპისკოპოსო ცენტრს. არქიტექტურული სტილის მიხედვით ის განეკუთვნება მე-9, მე-10 საუკუნეებს და აქ მდებარეობდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი, მაშინაც კი, როცა გაუქმდა კონსტანტინოპოლს დაქვემდებარებული სხვა ცენტრები, მაგალითად პეტრას ცენტრი. მნიშვნელოვანია, ეს საკითხი შესწავლილი იყოს სკოლაში. ეს არ არის მხოლოდ ჩემი თხოვნა, არამედ ქობულეთელების, ხინოწმინდელების, უხუცესთა საბჭოსი და ადგილობრივი ისტორიკოსების. თუ შეიძლება გვიშუამდგომლოთ შესაბამის ორგანიზაციებთან და ეს საკითხი შესწავლილ იქნეს და აისახოს სახელმძღვანელოში“, – აღნიშნა მიქელაძემ.

ისტორიასთან დაკავშირებით საგნობრივი ჯგუფია შექმნილი, რომელიც საგნობრივ სტანდარტს ამუშავებს – აღნიშნა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა. გიორგი ამილახვარის თქმით, დეპუტატის მიერ დაყენებულ საკითხს საგნობრივ ჯგუფს გადასცემს. მინისტრის თქმით, ხინოს ხეობა ასახული იქნება ისტორიის სახელმძღვანელოში.

„ძალიან კარგ საკითხს შეეხეთ და საკმაოდ დროულად ახსენეთ. მათ შორის, ისტორიის საგანზეც საგნობრივი ჯგუფია შეკრებილი, რომელიც თავიდან ბოლომდე ამუშავებს საგნობრივ სტანდარტებს. ეს არის კარგი მომენტი და შესაძლებლობა. ჩვენ გავითვალისწინებთ ამ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც თქვენ ახსენეთ. მე სრულად მხარს დავუჭერ ამ საკითხს, ამიტომ მოგვაწოდეთ გარკვეული წერილობითი ახსნა და დასაბუთება ან სთხოვეთ იმ ადამიანებს, ვინც ეს იცის. მე პირობას გაძლევთ, რომ ეს საკითხი საგნობრივი ექსპერტების ჯგუფთან მოხვდება და დარწმუნებული ვარ, ისინი გაითვალისწინებენ და მნიშვნელოვანი ნაწილი ასახული იქნება ისტორიის სახელმძღვანელოში“, – აღნიშნა ამილახვარმა.

ასევე იხილეთ