left_sabechdi

გივი მიქანაძე: აბსოლუტურად ვერ გავიზიარებ უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლების იმ პოზიციებს, რომლებმაც გარკვეულწილად, წაახალისეს სტუდენტების ქმედებები

“აბსოლუტურად ვერ გავიზიარებ უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლების იმ პოზიციებს, რომლებმაც გარკვეულწილად, წაახალისეს სტუდენტების ქმედებები, რისი მოწმეებიც ვიყავით გარკვეული პერიოდის უკან”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ განაცხადა.

წამყვანმა მას ჰკითხა, რა გზები არსებობს იმისთვის, რომ შეწყდეს სტუდენტებით მანიპულაცია, რადგან ვხედავთ სიძულვილის ენას უმაღლეს სასწავლებლებში და თავდასხმებს სტუდენტებზე.

„როგორც მთელი გუნდი, ისევე მეც ვემიჯნებით და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და სიძულვილის ენას. უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს ის, რომ პოლიტიკური პროცესები არანაირად არ უნდა იყოს გადასული სასწავლო პროცესში. ეს უნდა იყოს ერთმანეთისგან გამიჯნული. ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც თითოეული ადამიანის უფლებები და თავისუფლება დაცულია უმაღლესი სტანდარტით. აბსოლუტურად გასაგებია, რომ რაღაც საკითხებზე სხვადასხვა პოზიციებმა შეიძლება იარსებოს და ეს ნორმალურია, თუმცა ეს არ უნდა გახდეს ერთმანეთის მიმართ ბულინგის და სიძულვილის ენის გამოყენების მიზეზი.

სიძულვილის ენა არის ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ შემდგომში ძალადობრივი პროცესები განხორციელდეს. როდესაც ხდება ამ პროცესში სტუდენტების ჩართვა, ძალადობის წახალისება, ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. აბსოლუტურად ვერ გავიზიარებ უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლების იმ პოზიციებს, რომლებმაც გარკვეულწილად, წაახალისეს სტუდენტების ქმედებები, რისი მოწმეებიც ვიყავით გარკვეული პერიოდის უკან. გვახსოვს, რომ უმაღლესი სასწავლებლების უმეტესობამ გააკეთა ერთობლივი განცხადება იმასთან დაკავშირებით, სასწავლო პროცესები და პოლიტიკური პროცესები ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს. სამწუხაროდ რამდენიმე უნივერსიტეტი ამ განცხადებას არ შეუერთდა და ამით მათ წაახალისეს სტუდენტებში ის პროცესები. ზოგიერთი ლექტორიც მოუწოდებდა სტუდენტებს, რომ სასწავლო პროცესის ნაცვლად, ქუჩაში მდგარიყვნენ და პროტესტი გამოეხატათ კონკრეტული კანონის წინააღმდეგ“, – აღნიშნა მიქანაძემ.

ასევე იხილეთ