გიორგი ჩაკვეტაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის განათლების სექტორი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის განათლების სექტორი არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ამას თუნდაც ის ადასტურებს, რომ 2012 წელთან შედარებით სექტორის დაფინანსება 4-ჯერ არის გაზრდილი და 2 მილიარდ 500 მილიონ ლარს შეადგენს. 2023 წელთან შედარებით კი, განათლების დაფინანსება ნახევარი მილიარდი ლარით გაიზარდა. განათლების ნაერთი ბიუჯეტი 3 მილიარდ ლარამდეა, რაც საერთო ბიუჯეტის 12.5%-ია“, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის მოსმენისას.
როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ აღნიშნა, 2004 წლის შემდეგ პირველად განახლდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები და პარლამენტმა ეს დოკუმენტი გუშინ მიიღო. მნიშვნელოვანია, რომ მთავარი აქცენტი კეთდება პატრიოტიზმზე, ოჯახის ინსტიტუტზე, ჯანსაღ ცხოვრებასა და გარემოს დაცვაზე.
„აღსანიშნავი ფაქტია, რომ 1 ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებლების ახალი სახელფასო სისტემა, რომლის მიხედვითაც, ხელფასის საშუალო ზრდა 500 ლარი იქნება. 27 ოქტომბერი დაწესდა მასწავლებლის ეროვნულ დღედ, რაც საამაყო პროფესიის კიდევ ერთი დაფასებაა. ახალი სასწავლო წლიდან, სკოლებში პირველად შედის პროფესიული განათლების ელემენტი, რაც უმნიშვნელოვანესი რეფორმაა. აქტიურად დაიწყო და მომდევნო 3 წლის განმავლობაში, განხორციელდება საბავშვო ბაგა-ბაღების და სკოლების რეაბილიტაცია. ეწყობა როგორც პროფესიული კოლეჯების, ასევე უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურაც“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
ახალგაზრდობაზე საუბრისას, გიორგი ჩაკვეტაძემ აღნიშნა, რომ 2012 წლიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების, ახალგაზრდების დასაქმებისა და მათი სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების კუთხითაც. 2014 წელს კი დამტკიცდა ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა. 2020 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია’’- დოკუმენტში გაწერილია 2030 წლამდე სახელმწიფოს მიერ მისაღწევი შედეგები.
„ამ მიზნების განხორციელებისთვის მხოლოდ 2023 წელს განხორციელდა 139 აქტივობა, რომელშიც ჩაერთო 23 სახელმწიფო უწყება და ამ ღონისძიებების საერთო ბიუჯეტმა 71 მილიონი ლარი შეადგინა. მოქმედებს სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026. ახალგაზრდული პოლიტიკა თანხვედრაშია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასთან“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ და იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რასაც სახელმწიფო ახალგაზრდების, მათ შორის, სტუდენტების თანადგომისა და მხარდაჭერისათვის ახორციელებს.
მისივე თქმით, უკვე 4 თვეა, რაც კომიტეტში ახალგაზრდულ საქმეთა საკონსულტაციო საბჭო ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებისა და სტუდენტური თვითმმართველობების მხარდაჭერისთვის საკანონმდებლო ინიციატივებს ამუშავებენ.
„გვაქვს მიზანი, რომ თითოეულ ახალგაზრდას ჰქონდეს შესაძლებლობა განვითარდეს თავის ქვეყანაში, ვინაიდან ახალგაზრდობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.