გიორგი ვოლსკი: ასეთი განცდა მაქვს, რომ პრეზიდენტი და მასთან ერთად კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ლოცულობს იმაზე, რომ იქნებ წარუმატებელი იყოს ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრები
„ასეთი განცდა მაქვს, რომ პრეზიდენტი და მასთან ერთად კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ლოცულობს იმაზე, რომ იქნებ წარუმატებელი იყოს ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრები”, – ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხად. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, სალომე ზურაბიშვილის „პოზიტივი არ უნდა“.
„სპორტისა და კულტურის თემებში ძალიან სერიოზული წინსვლა მოხდა, იმდენად რომ მსოფლიოში ქუხს საქართველოს სახელი – გინდა რაგბი აიღეთ, გინდ ნიჩბოსნობა. რამდენი მიმართულებით ვართ პრიზიორები და რამდენჯერ გაჟღერდა უკვე ქართლი ჰიმნი. ეს ყველაფერი ამ პერიოდში ხდება და ეს იწვევს ისტერიკას ამ გუნდში და ამის ისტერიკაში ჩართულია პრეზიდენტიც.
წარმოიდგინეთ მისი მდგომარეობა, ხელის კანკალით უნდა მოაწეროს ხელი იმ დოკუმენტს, რომელიც შეუტანა იმ მთავრობამ, რომელსაც ყველა მეთოდით ებრძვის. თუ წარმატებული არ იქნება საქართველო – გინდ სპორტში, გინდ ფეხბურთში, სადაც გინდათ, ეს გამარჯვების სერიოზული ყიჟინის წინაპირობა იქნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების დაჯილდოებასთან დაკავშირებით განცხადება დღის ბოლოს გაავრცელა, სადაც წერია, რომ პრეზიდენტმა 23 მაისს გამოსცა განკარგულებები, რითაც ღირსების ორდენით და მედლით დაჯილდოვდნენ საფეხბურთო ნაკრების წევრები და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და მათ ჯილდოები სექტემბერში გადაეცემათ.
პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე თავდაპირველად განკარგულება არ იდო. ის განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე წუთში დადეს, თუმცა განკარგულება ამ დროისთვის ისევ არ იძებნება.