ირაკლი ქადაგიშვილი: NDI და IRI როცა პარტიულ ღონისძიებას აფინანსებენ, უნდა იყოს შიდაპარტიული ტრენინგები, ეს კი პოლიტიკური პროცესების დაფინანსება და ჩარევაა
„NDI და IRI როცა პარტიულ ღონისძიებას აფინანსებენ, უნდა იყოს შიდაპარტიული ტრენინგები, ეს კი პოლიტიკური პროცესების დაფინანსება და ჩარევაა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების კამპანიაზე „პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის“, რომლის ფარგლებშიც ოპოზიციონერი ქალი პარლამენტარები რეგიონებში მოქალაქეებთან შეხვედრას გამართავენ.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციის საარჩევნო აქტივობის დამფინანსებელი NDI, არ შეიძლება, არჩევნების დამკვირვებელი ორგანიზაციაც იყოს.
„ეს არის უხეშად შეფუთული წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება. როცა NDI და IRI რაიმე პარტიულ ღონისძიებას აფინანსებენ, ეს უნდა იყოს შიდაპარტიული ტრენინგები. ფაქტობრივად, აქ არის ამომრჩეველთან შეხვედრა. ეს არის არამართლზომიერად პოლიტიკური პროცესების დაფინანსება და პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა. შემდეგ NDI არჩევნების დამკვირვებელი და შემფასებელი იქნება. ასეთი სიმბიოზია საქართველოში. როგორ ხდება რადიკალური ოპოზიციის საარჩევნო აქტივობების დაფინანსება დაუფარავად და როგორ შეიძლება იყოს იგივე ორგანიზაცია არჩევნების შემფასებელი“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.