გურამ მაჭარაშვილი: NDI ვითომ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებელი უნდა იყოს და ამ დროს, რადიკალური ოპოზიციის საარჩევნო კამპანიას აფინანსებს
„NDI ახალისებს რადიკალური ოპოზიციის ქმედებებს და ღიად უჭერს მხარს წინასაარჩევნო კამპანიას”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, არ შეიძლება, ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია დააფინანსო მაშინ, როცა „ამბიცია გაქვს, არჩევნებზე ობიექტური დამკვირვებელი იყო“.
„რაც დრო გადის, მით მეტი მტკიცებულება გროვდება იმის თაობაზე, რასაც ჩვენ ვამბობთ – NDI ვითომ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებელი უნდა იყოს და ამ დროს, რადიკალური ოპოზიციის საარჩევნო კამპანიას აფინანსებს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, ახალისებს რადიკალური ოპოზიციის ქმედებებს და ღიად უჭერს მხარს წინასაარჩევნო კამპანიას. როცა საერთაშორისო ორგანიზაცია ხარ და ამბიცია გაქვს, ობიექტური დამკვირვებელი იყო, როგორ შეიძლება, რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია დააფინანსო. რაც მეტი ასეთი მტკიცებულება იქნება, მით მარტივი იქნება არჩევანის გაკეთება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ოპოზიციონერი ქალი პარლამენტარები იწყებენ კამპანიას „პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის“. კამპანიის ფარგლებში ქალი დეპუტატები რეგიონებში მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრებს გამართავენ. როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, აღნიშნულ კამპანიას NDI აფინანსებს.