წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში საქართველოს ეროვნულ – განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, მერაბ კოსტავას ბიუსტი გაიხსნა.
ამ სოფელში ბიუსტის გახსნა მერაბ კოსტავას მშობლიურ ფესვებს უკავშირდება, რომელიც სულ ახლახან დადასტურდა გენეალოგიური ხის კვლევით. ისტორიკოსმა და პროფესორმა ლევან ტყეშელაშვილმა საარქივო მასალები მოიძია, რომლის თანახმადაც მერაბ კოსტავას გვარის აღმავალი შტო სოფელ მაღლაკში ფიქსირდება – მისი ბაბუის, ქრისტეფორე კოსტავას მშობლები ჯერ კიდევ 1888 წელს მაღლაკში ცხოვრობდნენ.
ბიუსტის დადგმის იდეა, ამავე სოფლის მკვიდრს ბადრი ტყეშელაშვილს ეკუთვნის. მხარდამჭერია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია.
ეროვნული გმირის ბიუსტის გახსნას მერაბ კოსტავას ქალიშვილი – თამარ კოსტავა დაესწრო.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ კიდევ ერთხელ გაიხსენა მერაბ კოსტავას ღვაწლი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებაში და აღნიშნა, რომ ფესვებით ის იმერეთის ულამაზეს სოფელს, მაღლაკს უკავშირდება, რაც განსაკუთრებულად საამაყოა.
მერაბ კოსტავას წინაპრების მაღლაკელების შესახებ ზეპირსიტყვიერად სოფლის თითქმის ყველა ოჯახში იყო ცნობილი, თუმცა ფაქტის დადასტურება რამდენიმე თვის წინ გახდა შესაძლებელი. დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში, მაღლაკის კულტურის სახლში ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ მოსწავლეთა კონცერტი გაიმართა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს – “ახალგაზრდული საბჭოს” წევრებმა მერაბ კოსტავას ბიოგრაფია კიდევ ერთხელ გაახსენეს საზოგადოებას, წაიკითხეს ეროვნული გმირის ლექსები და გამონათქვამები. დღესვე, სოფელ მაღლაკში, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების” ორგანიზებით გაიმართა თამაშები და შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში.
ამავე დღეს, მაღლაკის საპატიო დაფას კიდევ ოთხი ღვაწლმოსილი ადამიანის სახელი და გვარი შეემატა, რომლებმაც სოფლის კულტურული თუ ეკონომიკური ცხოვრების განვითარებაში გარკვეული წვლილი შეიტანეს.