top_leaderboard

მარიამ ქვრივიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილესთან ბრიტანეთთან პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გამართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილეს კლერ ოლბლესს შეხვდა, რომლის დროსაც განხილულ იქნა ბრიტანეთიდან პირდაპირი ავიაფრენების დაწყების შესაძლებლობა.  შეხვედრას ასევე დაესწრო „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ბრიტანულ ავიაკომპანიებთან ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიმართულებით.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველოს საავიაციო სექტორი ზრდადი დინამიკით ხასიათდება, კერძოდ, ყოველწლიურად მატულობს მგზავრთნაკადი, რეკორდულია ქვეყანაში შესრულებული ფრენების რაოდენობა და მიმართულებები, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება როგორც ქვეყანაში საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკაზე, ისე ტურიზმის სექტორიდან ეკონომიკაში მობილიზებულ შემოსავალზე, რომელმაც 2024 წლის პირველ კვარტალში რეკორდული მაჩვენებელი – 800 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

„ჩვენ ოპტიმისტურად ვაფასებთ ბრიტანეთიდან პირდაპირი ავიარეისების დაწყებას. ჩვენთვის ბრიტანეთი მნიშვნელოვანი საავიაციო და ტურისტული ბაზარია. დარწმუნებული ვართ, რომ პირდაპირი ფრენების დაწყება მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს ტურისტული ნაკადების ზრდას საქართველოში. ავიაკომპანიებთან მოლაპარაკების პარალელურად, ჩვენ ვსწავლობთ ბრიტანეთის ბაზარს, რათა განვახორციელოთ აქტიური მარკეტინგული კამპანიები საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების პოპულარიზების მიზნით“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

შეხვედრის დასასრულს, მარიამ ქვრივიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პირდაპირი ავიაფრენების დაწყების მიმართულებით მიმდინარე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდება, რაც ორივე ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

ასევე იხილეთ