რუმინეთმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დასასწრებად რუს დეპუტატებს ვიზის გაცემაზე უარი უთხრა
რუმინეთმა რუსეთის დელეგაციის წევრებს უარი უთხრა ვიზების გაცემაზე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 29 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით ბუქარესტში გაიმართება, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა „ტელეგრამზე“ დაწერა.
კარასინის თქმით, რუსეთის ფედერაციამ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღო ნოტა, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის დელეგაციის არცერთ წევრს არ ექნება ვიზა და არ მიეცემა ქვეყანაში შესვლას უფლება.
რუსული მედია ასამბლეის სამდივნოზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის დელეგაციამ ორჯერ განაცხადა უარი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობაზე – 2023 წლის შემოდგომაზე ერევანში და 2024 წლის ზამთარში ვენაში. ამასთან, ვიზების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რუსი პარლამენტარები არ ესწრებოდნენ ასამბლეის შეხვედრებს დიდ ბრიტანეთსა და კანადაში 2022 და 2023 წლებში.