თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა 9 აპრილის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის პროექტებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ორივე პროექტზე სამუშოები 24 საათიან რეჟიმში იწარმოებს.
ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, რომ 9 აპრილის ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რაც გულისხმობს მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციებს, ახალ გარეგანათების ქსელს, ტროტუარებისა და სავალი ნაწილის მოწყობას.
„ბუნებრივია, ამ მასშტაბის სამუშაოებს გარკვეულწილად ახლავს შეფერხებები, შეზღუდვები. გასათვალისწინებელია, რომ სამუშაოებს ვაწარმოებთ 24 საათიან რეჟიმში. ეს განპირობებულია იმით, რომ რაც შეიძლება, მალე დავასრულოთ კონკრეტულ პროექტებზე სამუშაო პროცესი და ნაკლები დისკომფორტი შევუქმნათ მოსახლეობას. მინდა, ბოდიში მოვუხადო მოსახლეობას იმ დისკომფორტისთვის, რაც დაახლოებით ამ თვე-ნახევრის განმავლობაში იქნება. მიმდებარე ქუჩებზე მოხდა სატრანსპორტო სქემების გარკვეული ცვლილება, განცხადებებიც გავავრცელეთ, ინფორმირებულია მოსახლეობა. ეს არის დროებითი ღონისძიება“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მერის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ წყნეთის გზატკეცილი დედაქალაქისთვის ერთ-ერთი პრობლემური ადგილი იყო.
„ფაქტობრივად, არ არსებობდა სატროტუარე სივრცეები, ქვეითებს უწევდათ სავალ ნაწილზე გადმოსვლა. ასევე, უმძიმეს მდგომარეობაში იყო მიწისქვეშა კომუნიკაციები, ხშირად ხდებოდა წყლის მილების დაზიანება და მოსახლეობის წყლის გარეშე დატოვება. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამუშაოები დაგვეწყო ახლა. ასევე, ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი ამ პერიოდში სამუშაოების დაწყებისა, არის ის, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა ახალი საავტომობილო ხიდის გახსნა, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩასა და ბაგებს აკავშირებს. ეს არის გარკვეულწილად ერთ-ერთი ალტერნატიული გზა. ასევე, უჩანეიშვილის ქუჩა გავაორმხრივეთ და ამ ქუჩის გამოყენებითაც შესაძლებელი იქნება წყნეთის მიმართულებით გადაადგილება. აქაც 24 საათიან რეჟიმში იწარმოებს სამუშაოები. რამდენიმე კომპანია იქნება ჩართული, ესენი არიან როგორც ქსელის მეპატრონე პროვაიდერები, ისე მერიის კონტრაქტორი კომპანიები. შეიქმნება ახალი საპარკინგე სივრცეები, ტროტუარები მოწესრიგდება და ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ უსაფრთხოდ იქნება გადაადგილება შესაძლებელი“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა “ქრონიკასთან”.