„ელჩის მხრიდან ჩვენ ვნახეთ გულწრფელი მზაობა იმისა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები მისი ელჩობის პერიოდში ახალ დონეზე გადავიდეს, მეტად გაღრმავდეს“, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ჩვენ დღეს სტუმრად გვყავდა კომიტეტში აშშ-ის ელჩი. ძალიან საინტერესო მოსმენა გაიმართა. მე და ჩემს კოლეგებს, როგორც მმართველი პარტიიდან, ასევე ოპოზიიდან ძალიან ბევრი კითხვა გვქონდა ქალბატონი ელჩის მიმართ. ძირითადად, ეს კითხვები იყო არა აშშ-ს საგარეო პოლიტიკაზე ზოგადად, არამედ ორმხრივ ურთიერთობებზე და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. ელჩის მხრიდან ჩვენ ვნახეთ გულწრფელი მზაობა იმისა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები მისი საქართველოში ელჩობის პერიოდში ახალ დონეზე გადავიდეს, მეტად გაღრმავდეს და მან თქვა, რომ ამისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს. ასევე გვთხოვა ჩვენც, რომ პარლამენტის მხრიდანაც იყოს ძალიან მკაფიო მხარდაჭერა და რა თქმა, უნდა ეს მხარდაჭერა მას ჩვენგან ექნება. იყო ჩამოთვლილი რამდენიმე საკითხი, რომელიც არის პრიორიტეტული. ეს საკითხებია პირველ რიგში ინვესტიციები და თავისუფალი ვაჭრობა აშშ-სთან. ასევე, სამხედრო თანამშრომლობა, ვიზების საკითხი, პირდაპირი ფრენების საკითხი და რა თქმა უნდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არ აღიარების პოლიტიკა. ძირითადად სწორედ ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი“, – აღნიშნა სამხარაძემ.