leaderboard_below_slide
left_sabechdi

ხვიჩა კვარაცხელია: გერმანიაში მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ჩამოვსულვართ, გვინდა, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი კვალი დავტოვოთ

უეფას ვებგვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ ჩამოართვა.  საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ლიდერმა რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა.

„საქართველოში საკმარისად არიან ფეხბურთელები, რომლებიც ქვეყნის საუკეთესო მოთამაშეებად შეიძლება მივიჩნიოთ, მაგრამ თითოეული ჩვენგანისთვის ახლა ინდივიდუალური წარმატება არც ისე მნიშვნელოვანია.

საქართველოს ნაკრებში გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების კარგი ნაზავია. ჩვენ გავხდით ერთი დიდი გუნდი, რომელსაც ნებისმიერ მეტოქესთან ბრძოლა შეუძლია. გურამ კაშია ყველა ჩვენგანისთვის მისაბაძი ადამიანია, ის ჩვენზე უფროსი და გამოცდილია, მაგრამ ყოველდღიურად იმდენს ვარჯიშობს, რამდენიც საჭიროა. ის ნამდვილი კაპიტანია, მოედანზე და მის მიღმა ყველაფერს აკეთებს, რაც კაპიტანს ევალება.

ყველა ქართველი ოცნებობდა, რომ ოდესმე ასეთ დიდ ტურნირზე გვეთამაშა. ეს ოცნება აგვიხდა და ბედნიერები ვართ, მაგრამ ამით არაფერი მთავრდება – ჩვენ აქ მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ჩამოვსულვართ. გვინდა, ევრო 2024-ზე ჩვენი კვალი დავტოვოთ და ქართული და ზოგადად, ევროპული ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი დავწეროთ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენი გუნდი მთლიანად მომავალ ტურნირზეა კონცენტრირებული – საქართველო ჩვენს დებიუტს მოუთმენლად ელის. 18 ივნისს მთელი ქვეყანა გაერთიანდება და ვეცდებით, გავიმარჯვოთ.

მაქსიმალური ინტენსივობით ვემზადებით და ემოციებით დატვირთულები ვართ, მაგრამ მის კონტროლს ვცდილობთ და პირველი თამაშისთვის მაქსიმალურად ვემზადებით, რადგან მნიშვნელოვანია, ტურნირს რა განწყობით დავიწყებთ. ნებისმიერი სხვა გუნდის მსგავსად, ჩვენი უპირველესი მიზანიც ჯგუფური ეტაპის გადალახვაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

რა გრძნობა მეუფლება, როცა საქართველოს ნაკრების თილისმას მიწოდებენ? ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და მადლობელი ვარ, რომ ჩემი შრომა დაფასებულია. ჩვენ ბევრი კარგი მოთამაშე გვყავს, მაგრამ თითოეული მათგანისთვის მთავარი გუნდურობაა, წარმატების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ უეფას ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას.

ასევე იხილეთ