„ჩვენ კიდევ ერთხელ, ახლა უკვე საფეხბურთო მოედანზე, შეგვიძლია ყველას ვანახოთ ჩვენი ნიჭი, ჟინი, ტრადიციული სულისკვეთება გამარჯვებისკენ. შეგვიძლია ევროპაში ევროპელებს ვანახოთ, რომ ჩვენ მოედანზეც მათი განუყოფელი ნაწილი ვართ”, – ამის შესახებ პროდიუსერმა და ტელეწამყვანმა, ნოე სულაბერიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“, ტოკიოდან ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა თავისი თამაშის გამორჩეული სტილი უკვე აჩვენა.
„მახსოვს, ჩემს გადაცემაში ხვიჩამ თქვა თავისი კუმირის, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ. შესაძლოა, თავის დროზე ეს რაღაც მისთვის მიუწვდომელი იყო, მაგრამ მე მაქვს განცდა, რომ როდესაც თითოეული მათგანი პორტუგალიასთან მოედანზე გავა, გავა თანაბარი ხედვით, თანაბარი სულისკვეთებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ასპარეზზე ჯერ მათ ტიტულები შესაძლოა არ ჰქონდეთ, თუმცა უკვე არავის ჩამოუვარდებიან.
დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ძალიან ბევრი ქართველი ფეხბურთელი კიდევ შეიცვლის კლუბს და კიდევ უფრო მეტად დაფასდება. ბევრი „სკაუტი“ იქნება ჩემპიონატზე ჩასული, რომელიც მათ რეალურ შესაძლებლობას შეაფასებს. შესაბამისად, კიდევ უფრო კარგ ჩემპიონატებსა და მაღალი დონის გრანდებში ვიხილავთ ჩვენს ბიჭებს, რადგან ისინი ამას იმსახურებენ. ეჭვი არ მეპარება, ეს ჩემპიონატი ამას კიდევ ერთხელ დაამტკიცებს“, – აღნიშნა ნოე სულაბერიძემ.