თეა წულუკიანი: ყველა თაობისა და ასაკის ადამიანი ვგულშემატკივრობთ ჩვენს ნაკრებს, დარწმუნებულებიც ვართ, არაერთ გამარჯვებას მიაღწევენ
თეა წულუკიანმა ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა. მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა აღნიშნა, რომ კონტინენტის პირველობაზე თამაში ყველა თაობის ნატვრა იყო.
„მინდა, პირველ რიგში, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ძალიან დიდი წარმატება ვუსურვო უკვე ხვალიდან. ისტორიული ასპარეზობაა. ეს იყო ყველა თაობის ნატვრა, რომ ჩვენს ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე ეასპარეზათ. ეს ნანატრი დღეც დადგა.
ყველა ასაკის, ყველა თაობის ადამიანი, განურჩევლად წარმომავლობისა და სქესისა, დაწყებული სულ პატარებიდან, ჩვენი ხანდაზმულებით დამთავრებული, ვგულშემატკივრობთ ჩვენს ნაკრებს და დარწმუნებულებიც ვართ, რომ ისინი არაერთ გამარჯვებას მიაღწევენ“, – განაცხადა წულუკიანმა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. 22 ივნისს „ჯვაროსნები“ ჩეხეთის ნაკრებს შეხვდებიან, 26 ივნისს კი – პორტუგალიას.