თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: საქართველო ძალიან რთულად შესაფასებელი მეტოქეა, ეს არ იქნება ადვილი მატჩი
საქართველოს ნაკრებთან მოახლოებული შეხვედრის წინ, თურქეთის ეროვნული გუნდის თავკაცმა ვინჩენცო მონტელამ პრესკონფერენცია გამართა და მეტოქის შესახებ ისაუბრა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო რთულად შესაფასებელი მეტოქეა და აქვს მოლოდინი, რომ ქართველი ფეხბურთელები მოედანზე ძალიან მოტივირებულები იქნებიან.
„ქართველთა გუნდი ძალიან რთული შესაფასებელია. ისინი ძალიან მოტივირებულები იქნებიან. ეს არ იქნება ადვილი მატჩი. მოგვიწევს, ვიყოთ მომთმენები და ორგანიზებულები“, – ამბობს ვინჩენცო მონტელა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში ტარდება, სადაც თურქეთს დიდი დიასპორა ჰყავს.
ვინჩენცო მონტელას თქმით, თურქეთის მიზანია, ტურნირზე ასპარეზობა მოგებით დაიწყოს.
შეგახსენებთ, საქართველო-თურქეთის დაპირისპირება 18 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.