“ევრო 2024-ზე გასვლა ძალიან ემოციური იყო, ეს კადრები ყველამ ნახა. ძალიან ამაყები ვიყავით, მთელი საქართველო ზეიმობდა, მაგრამ ეს უკვე წარსულია. ახლა ზეიმის დრო აღარ არის. გვსურს, რომ შევასრულოთ ის გეგმა, რისთვისაც ვართ ჩამოსულები”, – ამის შესახებ დორტმუნდში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ განაცხადა.
„ვიცი, რომ ძალიან ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ ის შემოსავალი, რაც ჰქონდათ, მთლიანად დახარჯეს ფრენის ბილეთებში და თამაშს რომ დასწრებოდნენ. ასეთი გარემოა ჩვენს ქვეყანაში. ძალია უყვარს ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთი. 30 წელი ველოდებოდით დიდ ტურნირზე თამაშს, ეს ოცნება ყველას აგვიხდა. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს და ვიცით თუ რამდენად მნიშვნელოვანია თუ როგორ ვითამაშებთ და როგორ წარვადგენთ საკუთარ თავს ამ ტურნირზე. ვეცდებით, კიდევ ერთხელ ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა კაშიამ.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას დღეს გამართავს. ქალაქ დორტმუნდში „სიგნალ იდუნა პარკზე“ ქართველების მეტოქე თურქეთის გუნდი იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.