“ევროპელი ხალხის ნება ბრიუსელში დღეს უგულებელყოფილი იყო”, – ასე გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრას, სადაც წამყვან პოსტებზე კანდიდატები უნდა შეეთანხმებინათ.
„ევროპელი ხალხის ნება დღეს ბრიუსელში უგულებელყოფილი იყო. ევროპული არჩევნების შედეგი ნათელია: მემარჯვენე პარტიები გაძლიერდა, მემარცხენეებმა და ლიბერალებმა პოზიციები დაკარგეს. „ევროპის სახალხო პარტია“, იმის ნაცვლად, რომ ამომრჩევლებს მოუსმინოს, საბოლოოდ გაერთიანდა სოციალისტებთან და ლიბერალებთან: დღეს მათ გარიგება დადეს და ევროკავშირის წამყვანი პოსტები ერთმანეთში გაინაწილეს. მათ არ ადარდებთ რეალობა, არ ადარდებთ ევროპული არჩევნების შედეგები და არ ადარდებთ ევროპელი ხალხის ნება.
ჩვენ არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილოები: ისინი გააგრძელებენ მიგრაციის მხარდაჭერას და რუსეთ-უკრაინის ომისთვის მეტი ფულისა და იარაღის გაგზავნას. ჩვენ ამას არ ავყვებით! ჩვენ გავაერთიანებთ ევროპელი მემარჯვენეების ძალებს და ვიბრძოლებთ მიგრაციისა და ომის მხარდამჭერი ბიუროკრატების წინააღმდეგ“, – წერს ორბანი.
შეგახსენებთ, გუშინ ბრიუსელში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერებმა ახალი ხელმძღვანელების კანდიდატურებთან დაკავშირებით კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.