leaderboard_below_slide
left_sabechdi

დღეს ლეგენდარული ფეხბურთელის დაბადების დღეა – „კავკასიელი ჯადოქარი“, ანუ დავით ყიფიანი

ქართული ფეხბურთის ლეგენდა, რომელიც თბილისის „დინამოს“ „ოქროს ხანის“ სიმბოლოდ იქცა, 1951 წელს თბილისში დაიბადა.

ყიფიანმა „დინამოში“ 1971-1982 წლებში 351 შეხვედრა ჩაატარა და 126 გოლი გაიტანა. იყო სსრკ- ს ჩემპიონი, თასის ორგზის მფლობელი, 1981 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული, სსრკ-ს საუკეთესო ფეხბურთელი (1977), ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული (1976). 1981 წლის 18 აგვისტოს ითამაშა ევროპის ნაკრების შემადგენლობაში ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ.

„დინამოს“ მთავარი მწვრთნელის რანგში მოიპოვა ჩემპიონის ექვსი ტიტული, სამი თასი და ორი სუპერთასი. დავით ყიფიანი 2001 წელს 17 სექტემბერს ავტოავარიაში ტრაგიკულად გარდაიცვალა. ლეგენდარული „ათიანის“ სახელს ატარებს საქართველოს თასი და გურჯაანის სტადიონი, მაგრამ ეს ტიტულები სრულად ვერ ასახავს იმ როლს, რომელსაც დავით ყიფიანი საკუთარ ეპოქაში ასრულებდა.

1969 წელს თბილისის „დინამოში“ მიწვეული 18 წლის ბიჭი, სუსტი აღნაგობის გამო, მწვრთნელმა ამ სიტყვებით გაუშვა: „შენგან ფეხბურთელი არ გამოვა, წადი, „სკრიპკას“ მიხედეო“. ასეთი ირონიული შეფასება ბევრ 18 წლის ბიჭს გატეხდა. თუმცა ყიფიანი საყვარელ საქმეს არ შეეშვა და საკუთარი ვარსკვლავი შექმნა. ერთი წელი ისევ თბილისის „ლოკომოტივში“ ითამაშა, საიდანაც კვლავ თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა. „დინამოს“ მაისურით 1971-1982 წლებში ითამაშა და გუნდთან ერთად ქართული ფეხბურთის ყველაზე სამაყო და წარმატებული ეპოქა შექმნა.

ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი ფეხბურთელი თამაშის ელეგანტური სტილის და ადამიანური ღირსებების გამო განსაკუთრებული სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობდა. ამაზე მხოლოდ საქართველოში არ ვსაუბრობთ. რამდენიმე წლის წინ ყიფიანი ესპანელმა ჟურნალისტმა, მარიანო ხესუს კამაჩომ საკუთარ ბლოგში „კავკასიელ ჯადოქრად“ მოიხსენია და 1980 წელს კადისის ტურნირზე „დინამოსა“ და „ფლამენგოს“ დაპირისპირება გაიხსენა.

კავკასიელი მაგი – „შესაძლოა, ახლა კადისის თასმა ბრწყინვალება დაკარგა, მაგრამ ოდესღაც არაოფიციალურ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატად მიიჩნეოდა. ტურნირი 1955 წლიდან ტარდებოდა და უდიდეს ვარსკვლავებს უთამაშიათ – პელეს, დი სტეფანოს, პუშკაშს, კრუიფს, ზიკოს, ხენტოს, ადემირს. ამ სტადიონის მეხსიერებას ბევრი ლეგენდა შემორჩა. განსაკუთრებით კარგად მახსენდება დავით ყიფიანი, რომელმაც 1980 წელს გენიალურობითა და სიდიადით კადისელი გულშემატკივრების გული დაიპყრო. 30 აგვისტოს „ფლამენგო“ თბილისის „დინამოს“ ეთამაშებოდა და სტადიონზე იმ იმედით მივედით, რომ ზიკოს თამაშით დავტკბებოდით. ჩვენ მაშინ ცოტა რამ ვიცოდით საბჭოელებზე თბილისის „დინამოდან“, რომლებიც, სინამდვილეში, ქართველები იყვნენ და ვიხილეთ გუნდი. ისინი ბრაზილიელებს კავკასიის მთებივით გადაეღობნენ და სასიამოვნოდ გაოცებულები დაგვტოვეს. განსაკუთრებით, რამაზ შენგელიას და დავით ყიფიანის თამაშმა მოგვხიბლა – უზომოდ მიმზიდველ ფეხბურთს აჩვენებდნენ. დაძაბული მატჩი 2:2 დასრულდა, სპექტაკლი კი ორმა ათიანმა დადგა – ბრაზილიელმა ზიკომ და ქართველმა ყიფიანმა.

ქართველი თავისი შემოქმედებითი ფეხბურთით ამიტომაც დარჩა ჩვენს გულებში. თბილისელები პენალტების სერიაში დამარცხდნენ და მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდნენ.1976-1982 წლებში „დინამომ“ ტიტულები სწორედ მისი მაგიური დირიჟორობით მოიპოვა. თბილისელებმა „სან სიროზე“ „ინტერი“ ყიფიანის გოლით დაამარცხეს. ასევე მოახერხეს „ბენფიკას“, „ლივერპულის“, „ფეიენოორდის“, „ვესტ ჰემისა“ და „ნაპოლის“ დამარცხება.

დავით ყიფიანს 1981 წელს მადრიდის ტურნირზე მიღებულმა მძიმე ტრავმამ კარიერა დაასრულებინა და 31 წლის კავკასიელი მაგის ამ უიღბლობამ თბილისური კლუბის ლამაზი ისტორიაც დაასრულა… ყიფიანმა კლასით, ტექნიკით, სისწრაფით, თამაშის არაჩვეულებრივი ხედვითა და თავდამსხმელთა დახმარებით კადისელ გულშემატკივრებს შორეულ 1980 წელს თავი შეგვაყვარა.

კავკასიელი მაგი, გენიალური 10 ნომერი ევროპულ მოედნებზე შემდეგშიც ისე თამაშობდა, რომ წლები გავიდა, მაგრამ ამ მოგონებებით ლეგენდებში გადაბარგდა“, – წერს ესპანელი ჟურნალისტი მარიანო ხესუს კამაჩო.

ასევე იხილეთ