“ყველგან, გამონაკლისის გარეშე შეგვიძლია ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ მყარი მხარდაჭერა აქვს ამ კანონპროექტს, რამეთუ ლგბტ პროპაგანდა ეს არის ის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც, ზოგადად, მთელ მსოფლიოს, ამ შემთხვევაში საქართველოს, ასე ვთქვათ, დამოკლეს მახვილივით ადგას თავს”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ ვართ ვალდებული ვიზრუნოთ ჩვენს რეალობასა და მომავალზე პირველ რიგში და შევქმნათ ისეთი საკანონმდებლო სივრცე, რომ მხოლოდ და მხოლოდ ფსევდო ლიბერალური ღირებულებების პროპაგანდა იყოს შეუძლებელი, იყოს აკრძალული.
კიდევ ერთხელ, ხაზგასმით, მთელი საზოგადოების გასაგონად, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვეხებით, არ ვერევით არავის უფლებაში. პირიქით, უფლებების დაცვა ყველა ჯგუფის, უმცირესობა იქნება ეს თუ უმრავლესობა, არის გარანტირებული მოქმედი კონსტიტუციით და საკანონმდებლო დანაწესებით“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ კანონების პაკეტს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი 20 ივნისის სხდომაზე განიხილავს.