leaderboard_below_slide
left_sabechdi

სტოლტენბერგი: საუბარია იარაღის მოდერნიზებაზე და არა რაოდენობის გაზრდაზე

საუბარია იარაღის მოდერნიზებაზე და არა რაოდენობის გაზრდაზე. ამაში ახალი არაფერია – ასე განმარტა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თავისი კომენტარი იმის შესახებ, რომ რუსეთისგან და ჩინეთისგან მომდინარე მზარდი საფრთხის გამო, ალიანსში ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნის ცვლილების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ მან ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა, წერს European Pravda.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO-ს ბირთვული შემაკავებელი ძალები ათწლეულებია, აქვს და ამაში „ახალი არაფერია“.

„ის ფაქტი, რომ ჩვენ ამ ბირთვული შემაკავებელი ძალების მოდერნიზებას ვახორციელებთ, ასევე არ არის სიახლე. ჩვენ ძველ, მოძველებულ თვითმფრინავებს მეხუთე თაობის ახალი თვითმფრინავებით ვცვლით, ხოლო შეერთებული შტატები მის მიერ განლაგებული იარაღის მოდერნიზებას ახორციელებს. ასე რომ, ამაში ახალი არაფერია“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, NATO-ს ბირთვული შემაკავებელი ძალების მოდერნიზაცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამასთან, სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ NATO ბირთვული იარაღის რაოდენობის გაზრდას არ გეგმავს.

„ჩვენ ამას ღიად ვაცხადებთ, ამის შესახებ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით. ეს არის ბირთვული შეკავების მოდერნიზაცია, რომელსაც წლებია, ვახორციელებთ“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, იენს სტოლტენბერგმა მანამდე განაცხადა, რომ NATO უფრო მეტი ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„რა თქმა უნდა, NATOს მიზანია სამყარო ბირთვული იარაღის გარეშე, მაგრამ სანამ არსებობს ბირთვული იარაღი, ჩვენ დავრჩებით ბირთვულ ალიანსად, რადგან მსოფლიო, რომელშიც რუსეთს, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღი აქვთ, NATOს კი – არა, უფრო საშიშია“, – აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

 

ასევე იხილეთ