“დადებითი, ამაღლებული ემოციებით ვარ დატვირთული. ერთი სული მაქვს როდის დაიწყება თამაში და როდის შემოგვთავაზებს ჩვენი გუნდი იმ წარმატებით სვლას, რომელიც ჩვენმა გმირმა ფეხბურთელებმა აქამდე მოიტანეს”, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრებისა და „დინამო თბილისის“ ყოფილმა კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ყველაფერს თავისი დრო აქვს და რაც წელს მოხდა, ეს იყო ყველაზე სასიხარულო და ბედნიერების მომტანი დღეები. ეს ის ნაპერწკალი იყო, რომელსაც წარმატების გზის დასაწყისი ჰქვია. ახალგაზრდული გუნდი გვყავს. ძალიან დიდი იმედით ვარ. მინდა, ყველას კარგი თამაში ვუსურვო“, – აღნიშნა ნემსაძემ.
ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების სადებიუტო შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.