leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვინჩენცო მონტელა მატჩზე: საქართველო ევროზე შემთხვევით არ თამაშობს. ფიზიკურად ძლიერი, ორგანიზებული გუნდია

საქართველოსთან მატჩის შემდეგ თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი პრესკონფენციაზე არდა გიულერთან ერთად წარსდგა…

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა თურქეთთან მატჩით დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლაში დამარცხდა (1:3), შეიძლება თქმა, რომ ტურნირს ხიბლი შემატა. დორტმუნდის “ვესტფალენშტადიონზე” გამართულ დაპირისპირებაში ვილი სანიოლის გუნდმა, დებიუტანტის კვალობაზე, საკმაოდ შთამბეჭდავად ითამაშა, ჰქონდა მომენტებიც და ცოტაც რომ გამართლებოდა (ორჯერ თურქეთის კარი გაშვებულ გოლს ძელმა გადაარჩინა), სულ ცოტა, ქულას მოიპოვებდა.

თურქებმა ანგარიში 25-ე წუთზე მიულდიურის გოლით გახსნეს, რასაც 32-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ უპასუხა. მონტელას გუნდი ანგარიშში მეორედ 65-ე წუთზე გიულერის გოლით დაწინაურდა, საბოლოო ანგარიში კი კომპენსირებულ დროში აკტურკოღლუმ დააფიქსირა, რომელმაც ისარგებლა იმით, რომ საქართველოს ნაკრები მთელი შემადგენლობით, მათ შორის მეკარე გიორგი მამარდაშვილთან ერთად, შეტევაში იყო წასული.

თამაშის დასრულების შემდეგ თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი პრესკონფერენციაზე არდა გიულერთან ერთად წარსდგა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ვინჩენცო მონტელა (თურქეთის ნაკრების მწვრთნელი):
…ქომაგსა და იუბილეზე: “ჩვენი გულშემატკივარი მთელი მატჩის განმავლობაში ფანტასტიკური იყო, მათ შორის თამაშის ყველაზე რთულ მომენტებშიც. დღეს ჩემი 50-ე დაბადების დღე იყო და ბიჭებმა საუკეთესო საჩუქარი გამიკეთეს, რაც შეიძლებოდა გაეკეთებინათ.

…საქართველოს ნაკრებზე: “იმის თქმაც კმარა, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით არ თამაშობს. ფიზიკურად ძლიერი, ორგანიზებული გუნდია, რომელმაც იცის თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები. მთლიანობაში, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი თამაში იყო ორივე გუნდისგან”.

…თამაშზე: “ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი ბალანსის დაცვაა. დღესაც, როგორც წინა მატჩში, კარისკენ 22-ჯერ დავარტყით, რამდენიმე მომენტში კონცენტრაცია დავკარგეთ. მსგავსი რამ მომავალში აღარ უნდა მოხდეს. შეგვეძლო თამაში პირველ ტაიმში დაგვეხურა, მაგრამ ვერ შევძელით. ნამდვილად არ იყო ადვილი თამაში”.

…მიზანზე: “თურქეთს არასდროს ჰქონდა ამ ტურნირზე პირველი თამაში მოგებული. ევროპის ბოლო სამ ჩემპიონატზე ჯგუფიდანაც ვერ გავედით, წინა ევროპის ჩემპიონატზე ქულაც ვერ მოვიპოვეთ… წელს ბევრი რამ მოხდა პირველად: დავამარცხეთ ხორვატია, მოვიგეთ პირველ ტურში, 62 წლის შემდეგ მოვიგეთ გერმანიაში. ჩვენი მინიმალური მიზანი მომდევნო მატჩის მოგება და მერვედფინალის საგზურის მოპოვებაა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. ახლა უნდა მოვემზადოთ პორტუგალიასთან მატჩისთვის, რომელიც არასდროს დაგვიმარცხებია და ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი. საჭიროა ახლავე მომდევნო შეხვედრაზე კონცენტრაცია, რომელიც ოთხ დღეში გველოდება”.

არდა გიულერი (თურქეთის ნაკრების ფეხბურთელი):
“ძალიან რთული თამაში იყო, მინდა, მივულოცო ჩემს გუნდს ეს გამარჯვება. რა თქმა უნდა, ვგრძნობდით ფანების მხარდაჭერას. ძალიან მიხარია, რომ მოვიგეთ და იმედი მაქვს, რომ მომავალში კიდევ მოვახერხებ გოლების გატანას, რომელიც ჩემს გუნდს თამაშებს მოაგებინებს. დღეს ჩვენი მწვრთნელის დაბადების დღეც იყო და გვინდოდა მის გამოც მოგვეგო. ყველა მესიჯი ვერ წავიკითხე, მაგრამ ანჩელოტიმ მომწერა და მომილოცა გოლი. ძალიან მიხარებს, რომ გავიტანე და მოვიგეთ. პატივი უნდა ვცეთ საქართველოს ნაკრებსაც, რომელსაც დებიუტი ჰქონდა. ამ გუნდს კარგი მომავალი ექნება”.

ასევე იხილეთ