left_sabechdi

ჩეხების მეკარე: მჯერა, რომ საქართველოსთან და თურქეთთან მატჩებში ჩვენი ქომაგი გაცილებით უკეთეს ჩეხეთის ნაკრებს იხილავს

ჩეხეთის ნაკრების მეკარე ინდრიხ სტანეკმა სინანული გამოთქვა პორტუგალიასთან ბოლო წუთებზე გაშვებული გოლის გამო და ამავდროულად, განაცხადა, რომ საქართველოსთან თამაშში მისი გუნდი გაცილებით უკეთ ითამაშებს. სტანეკის კომენტარს ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.

„როდესაც პორტუგალიასთან დავწინაურდით, მაგრად გავიხარე, თუმცა, იმავდროულად გავიფიქრე, რომ ჩვენს კართან ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყებოდა. ასეც მოხდა. პორტუგალიამ კიდევ უფრო მეტად შემოგვიტია და სიმართლე ვთქვათ, მათ გაცილებით მეტი მომენტიც ჰქონდათ. ცხადია, დასანანია, როდესაც გადამწყვეტ გოლს მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში უშვებ…

ბევრი ჩვენი მცველის შეცდომებზე წერს, თუმცა, არ მინდა მას რაიმე დავაბრალოთ. ასეთი რაღაცეები ფეხბურთში ხშირად ხდება. კარგია, რომ კრიშტიანო რონალდუს მაინც არ გავატანინე. ის ხომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. პირველი ტაიმი გაცილებით ცუდი გვქონდა, მეორეში კი თამაშის ხარისხი გავაუმჯობესეთ და მომდევნო მატჩები სწორედ ამის გაგრძელება უნდა იყოს. მჯერა, რომ საქართველოსთან და თურქეთთან მატჩებში ჩვენი ქომაგი გაცილებით უკეთეს ჩეხეთის ნაკრებს იხილავს”.

ევრო 2024-ის სასტარტო ტურში ჩეხეთმა პორტუგალიასთან 1:2 დამარცხდა, საქართველომ კი თურქეთთან 1:3 წააგო, ამდენად, მომდევნო ტურში საქართველოსა და ჩეხეთს შორის თამაშს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა 22 ივნისს ჰამბურგის ვოლკსპარკშტადიონზე შედგება.

ასევე იხილეთ