leaderboard_below_slide
left_sabechdi

გელა ზედელაშვილი: ადე, ბიჭო, რამ დაგაღონა, ბურთი და დედამიწა მრგვალია!

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში საქართველო-თურქეთის თამაშს ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს:

„ადე, ბიჭო, რამ დაგაღონა, ბურთი და დედამიწა მრგვალია!

ზოგიერთნი კი გვიმტკიცებენ, ბურთი და დედამიწა ბრტყელიაო, მაგრამ არ დაიჯერო. ეგ იგივეა, ამერიკული რომ რუსულია და ჩმორი კიდე გმირია.

კაი, გადავაბოტოთ ამ დუპლეტურ ფილოსოფიას და გუშინდელი მოვლენა სპორტული თვალსაზრისით განვჭვრიტოთ: ქართველები კი ვართ საინტერესოები და შინაარსიანები, მაგრამ ხშირად ტრიპაჩობაც გვიყვარს უზომოდ.

ესე იგიო, ახლა ჩვენ ვიცით, უნდა მოგიწყოთ მეორე დიდგორიო!

ეს არი ეროვნული შურისძიების საკითხიო, თავმოყვარეობის საკითხიო, რაც ჩვენ თურქ-სელჩუკებმა დაგვმართეს, ახლა უნდა ვიყაროთ ჯავრიო!

კიდევაც დაიზრდებიან, ალგეთს ლეკვები მგლისანი, ახლა კი ყოფას გიტირებთო!

კიდე უამრავი რამ იწერებოდა ამ დღეებში და ძალიან რთულია, ამ ,,ეროვნული” გამონათქვამების გამო არ აღტყინდე, ხმალს ხელი არ იკრა და კლავიატურა კბილებით არ დაღრღნა.

არადა!

კარგი, რაააა… თამაშია, შენამდე ისეთებს წაუგიათ, შენამდე ისეთები დამარცხებულან, ათეული წლების განმავლობაში ვარსკვლავებს რომ წყვეტდნენ და ყველა ტიტული მოიგეს, რაც კი საფეხბურთო სამყაროში არსებობს.

მესმის, პირველი იყო და მოგება გვინდოდა, მაგრამ წავაგეთ… მერე რა? აი, ნახავთ, ამ ჩემპიონატზე ისეთები წააგებენ და ისეთები აიბარგებიან ვადაზე ადრე, ვერც წარმოიდგენთ – რა დიდგორი, რომელი თურქი და სელჩუკი, რა ეროვნული შურისძიება?

ეს თამაშია, რომელიც ხშირად ლატარიის ფუნქციასაც შეიცავს და კონკრეტულ მომენტში ყისმათიც უნდა გქონდეს.

ხვიჩა კვარაცხელიამ არ თუ ვერ ითამაშაო, ზოგი რას ამბობს, ზოგი – რას. მეკარე წინ არ უნდა გამოსულიყო-ვო. სანიოლს იმანო მავანაშვილი ამა და ამ წუთზე უნდა გამოეყვანაო, დააგვიანაო.

კი, ბატონო, აზრებით ხმალაობა ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ბიჭების ჩაქოლვა რა წესია?

აი, კვარაცხელია საერთოდ არ ვარგებულა, მაგისი კარგი ფეხბურთელობა მითიაო, წერენ ზოგიერთები და არც კი წითლდებიან.

თქვე ჩემისებო, სუფრასთან რომ დასხდებით ხოლმე, თუ ღვინოს სათანადოდ არ შეხვდით, თუ ალღო ვერ აუღეთ, შეიძლება კაი ქეიფი უღიმღამო ღრეობად გექცეთ და რა, იშვიათობაა, როცა ფეხბურთელს, თუნდაც ვარსკვლავს თამაში არ წაუვიდეს?

ეს ერთი და მეორეც – მე სულაც არ ვფიქრობ, რომ კვარაცხელიამ ვერ ითამაშა, ძალიან კარგადაც ითამაშა, მაგრამ ზედმეტად უკან იყო ჩამოწეული და ის სხვებს ამარაგებდა საგოლე პასებით, ვიდრე მას ამარაგებდა ვინმე. ეს ჩემი მოსაზრებაა და სულაც არ გახლავთ ჭეშმარიტება.

მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ… მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ნუ ითხოვთ სპორტსმენებისგან გიორგი სააკაძეობას, ცოტნე დადიანობას და წარსული ცოდვების გამო ეროვნულ შურისძიებას – ეს თამაშია, უბრალოდ თამაში.

არ უარვყოფ, ეს ისეთი თამაშია, რომელიც ერის ხასიათს ყველაზე კარგად გამოხატავს, მაგრამ 30 წელიწადი რომ ამ მხრივ ისეთი ვერაფერი გავაკეთეთ, ღირსებააყრილები ვიყავით და თავმოყვარეობა არ გვქონდა?

გვქონდა!

სხვათა შორის, ამის დაწერასაც არ ვაპირებდი, არაფრის თქმა არ მინდოდა, მაგრამ ბევრი დაუნდობელი აღმოჩნდა ამ საზოგადოებაში.

არა, მე მესმის, შენიშვნებიც უნდა ყოფილიყო, გაბრაზებაც, წყენაც, იმედგაცრუებაც, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია თურმე ფეხბურთელი არ ყოფილა, ეს უკვე ბოროტებაა.

დიახ, შენ, ბატონო იმანო, როდესაც ასეთი ,,პირდაპირი” ხარ, ცდილობ, მომავალი დაუნგრიო 23 წლის ბიჭს, რომელმაც ადრეულ ასაკში ისე გაიბრწყინა, ზოგი მთელ ცხოვრებას რომ ანდომებს და ზოგი კიდე მთელი ცხოვრება ამის მეასედსაც ვერ აღწევს.

მე ისეთები წავიკითხე, აქ ვერ გავიმეორებ, ეს ყველაფერი ამაზრზენია!

ადექით, ბიჭებო, ბურთი და დედამიწა მრგვალია, თქვენ რაც შეგეძლოთ, გააკეთეთ და კიდე ბევრს გააკეთებთ.

შენ, მამარდ, შვილო, კარი იმიტომ მიატოვე, რომ ბოლო შანსი იყო ანგარიშის გათანაბრებისა. ასეთი რამ თითქმის ყველა მეკარეს გაუკეთებია.

ასე რომ… ყველაფერი დაკარგული არ არი… დაკარგული კი არა, ყველაფერი ჯერ წინ არი!” – წერს გელა ზედელაშვილი.

ასევე იხილეთ