leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბორის პაიჭაძემ მოწინააღმდეგის ცარიელ კარში გოლი არ გაიტანა, რადგან სამარცხვინოდ მიაჩნდა

ქართული ფეხბურთის ლეგენდის, ბორის პაიჭაძის ვაჟი, რამაზ პაიჭაძე იგონებს:

„ფოთში ფეხბურთი განსაკუთრებით უყვარდათ, მაგრამ პროფესიულ ფეხბურთს, რა თქმა უნდა, არ თამაშობდნენ. მამა, ბორის პაიჭაძე ძლიერი ფეხბურთელი იყო და ფოთში ყველა ხელისგულზე ატარებდა. ახალგაზრდა ბორისის თამაში ლავრენტი ბერიას უნახავს და მისი უშუალო მონაწილეობით მამა თბილისის „დინამოში“ გადმოიყვანეს და მისი, როგორც სპორტსმენის აღმასვლაც აქედან დაიწყო, თორემ მანამდე მამა ფოთის პორტში მუშაობდა და მისთვის ფეხბურთი მხოლოდ გატაცება იყო.

სპორტში მწვრთნელი და მასწავლებელი არასოდეს ჰყოლია – პაპაჩემს ბურთისთვის ფეხიც არ დაურტყამს. მამა ბუნებრივად იყო ნიჭიერი. თურმე, მას და სხვა ბიჭებს „დინამოში“ ხელფასი რომ დაუნიშნეს, უკვირდათ: ფეხბურთს გვათამაშებენ, გვაჭმევენ, გვაცმევენ და კიდევ ხელფასს აქეთ გვიხდიანო.

ერთხელ „დინამოელები“ საბჭოთა კავშირის პირველობაზე თამაშობდნენ. მამა მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა. ბურთი კარში დაარტყა, მაგრამ მეკარე გადახტა და ბურთი კარიდან გადმოაგდო, თვითონ კი თავი ბოძს მიარტყა და დაეცა. მამას ბურთი ფეხებთან მიუგორდა. კარი ცარიელი იყო, მაგრამ ბორისმა უგონოდ დაცემულ მეკარეს რომ შეხედა, ბურთი სხვა მხარეს ისროლა, სასწრაფოდ მეკარეს მივარდა და ფეხზე წამოაყენა. ამაზე საკავშირო პრესაშიც წერდნენ – ასეთი რამ არასოდეს მომხდარაო. ეს სცენა ნანა მჭედლიძის შესანიშნავ ფილმში – „პირველ მერცხალშიც“ არის შეტანილი – როცა ინგლისელ მეკარეს იასონი, დოდო აბაშიძის გმირი ასულიერებს.

რაც შეეხება სახელს -“ქართული ფეხბურთის კარუზო“ ბორის პაიჭაძეს რუმინეთში შეარქვეს და ასე რომ ეძახდნენ, მორცხვობდა, რომ არაფერი ვთქვათ „ქართული სპორტის ბერმუხაზე“ და „ქართული ფეხბურთის მშვენებაზე.“

ბორის პაიჭაძე აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქართველ ფეხბურთელად.

1991 წელს საქართველოში ყველაზე დიდ საფეხბურთო მოედანს „დინამო არენას“ ბორის პაიჭაძის სახელი მიენიჭა. 

ასევე იხილეთ