მიხეილ ყაველაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების დებიუტზე: ეს დღე შედგა, ყველა ბედნიერი იყო, ეს არის სიხარული, რომელსაც ვერ გადმოსცემ
„ეს დღე შედგა, დიდი ხნის ოცნება, ყველა ბედნიერი იყო, ეს არის სიხარული, რომელსაც ვერ გადმოსცემ”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” ვეტერანმა ფეხბურთელმა, „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების სადებიუტო მატჩის შესახებ.
„ამ დღეს ნაკლიც არ ჰქონდა, ყველა ბედნიერი იყო. ეს არის სიხარული, რომელსაც ვერ გადმოსცემ. რა ძალა აქვს ფეხბურთს, როგორ შეუძლია, გაერთიანება, აბსოლუტურად სხვა სიბრტყესა და სივრცეში ამოყოფ თავს ადამიანი და არ გინდა, რომ ეს განწყობა გავიდეს. ეს ძალა აქვს ფეხბურთს, მით უმეტეს, როცა შენი გუნდი თამაშობს. ხომ გვახსოვს, ჩვენთან რა ხდებოდა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების დროს ჩვენი მოქალაქეების სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებების ფორმებით ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. შურის თვალით ვუყურებდი, როდის დადგებოდა ჩვენთვის ეს დრო“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისი შეფასებით, ევროპის ჩემპიონატზე გასვლით ყველას პასუხისმგებლობა იზრდება.
„თამასა საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა და ყველას პასუხისმგებლობა იზრდება – ხელისუფლება იქნება, ფეხბურთელი, ფეხბურთში მოღვაწე ადამიანი, მსაჯი თუ ფიზიოთერაპევტი. ყველას განცდა არის ის, რომ რა ძალა აქვს ამ სახეობას, როგორი შენია, რამხელა სიხარულს განგაცდევინებს და როგორ შეიძლება, ამას რამე დააკლო, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს. ასე მოდის ეს გამარჯვებები – ყველას განწყობას, პატარა აგურის დადებას მოაქვს შედეგი, ეს თავისით არ ხდება“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.