left_sabechdi

მიხეილ აბაიშვილი: 26 მარტს ფორტუნამ ისეთი ფანტასტიური საჩუქარი გვარგუნა, რომ გუშინდელ შეხვედრაში ნამდვილად “ეკუთვნოდა დასვენება”

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, მიხეილ აბაიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„იყო რა თქმა უნდა შეცდომები, იყო ერთი ორი არასწორი გადაწყვეტილება სანიოლის მხრიდან სასტარტო შემადგენლობის შერჩევისას, თუმცა, ამის წინასწარ განჭვრეტა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო და ეს “შეცდომა” მხოლოდ თამაშის მსვლელობამ გახადა ნათელი. თუმცა, მთლიანობაში, ჩვენი ნაკრების თამაშის ხარისხი იყო ძალიან კარგი და მთავარი, რის გამოც მარცხი განვიცადეთ, იყო უიღბლობა. თურქებს რეალური საგოლე მომენტი თითქმის არ შეუქმნიათ. იმ ფანტასტიურ, არაამქვეყნიურ ორ გასროლას საგოლე მომენტებად ვერ ჩავთვლით. ვერც მესამე, ფუტსალის გოლზე ვიტყვით, რომ საგოლე მომენტი შეაკოწიწეს.

ჩვენ კი არაერთ ეპიზოდში ფატალურად არ გაგვიმართლა.

და მაინც, იღბალზე უბრალოდ ყოფნა და აუგის თქმა დიდი უმადურობა იქნებოდა. 26 მარტს ფორტუნამ ისეთი ფანტასტიური საჩუქარი გვარგუნა, რომ გუშინდელ შეხვედრაში ნამდვილად “ეკუთვნოდა დასვენება”.

ისიც სათქმელია, რომ ასეთ დიდ ტურნირებზე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება გამოცდილებას. თურქეთი ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების მრავალგზის მონაწილეა, 2002 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს პრიზიორიც კი გახდა და მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს გუშინდელი თურქთა ნაკრების ზოგიერთი ფეხბურთელი დაბადებულიც კი არ იყო, ეს გამოცდილება გენეტიკურ კოდში ილექება, გროვდება და საჭირო დროს თავს იჩენს.

ჩვენ კი დებიუტის კვალობაზე მართლაც ბრწყინვალედ ვითამაშეთ (რა თქმა უნდა, შედეგს არ ვგულისხმობ) და გენეტიკურ კოდსაც პირველი ძლიერი ჩანაწერი გავუგზავნეთ.

თავისთავად შედეგიც არ არის კატასტროფა და არმაგედონი. იმ შემთხვევაში, თუ 3 დღეში ჩეხეთის დამარცხებას შევძლებთ, ეს შედეგი შეიძლება საკმარისიც კი აღმოჩნდეს პლეი ოფის საგზურის მოსაპოვებლად.

თუმცა, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და მეორე ტურს დაველოდოთ, რომლის დასრულების შემდეგაც ძალიან ბევრი რამ გაირკვევა ყველა ჯგუფში და ეს საფეხბურთო არითმეტიკაც უფრო უპრიანი და გამართლებული იქნება”, – წერს მიხეილ აბაიშვილი.

ასევე იხილეთ