leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პორტის პროექტის კერძო პარტნიორის შესარჩევი პროცესი მაქსიმალური პასუხისმგებლობით მიმდინარეობს

„სტრატეგიულ პარტნიორებთან გვაქვს მუდმივი დიალოგი, უშუალოდ მეც ვარ ჩართული ამ პროცესში და მათ აქვთ სრული ინფორმაცია ანაკლიის პორტის პროექტზე. იცით, რომ კონსორციუმის ერთ კომპანიაზე იყო საუბარი, გვყავს მეორე კომპანიაც  კონსორციუმში – „China Harbour Investment“, ასევე რამდენიმე ქვეკონტრაქტორი და აგრეთვე მოიაზრება რამდენიმე მნიშვნელოვანი, მაღალი რეპუტაციის, მათ შორის, ჩინური საერთაშორისო გადამზიდავი ხაზის ჩართულობა – ზოგადად, ეს იქნება კომპლექსური ეკოსისტემა, სადაც ბევრი პარტნიორისგან შემდგარი კონსორციუმი თანამშრომლობს სახელმწიფოსთან იმისთვის, რომ ჩვენ ამ პორტის  მაქსიმალურად ხარისხიანი განვითარება მივიღოთ და მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული საქართველოს სტრატეგიული და კომერციული ინტერესები“, – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მედიასთან ანაკლიის პორტის პროექტთან დასმული შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, კერძო პარტნიორის შესარჩევი პროცესი მიმდინარეობს მაქსიმალური პასუხისმგებლობით.

„სავარაუდოდ, რამდენიმე კვირა კიდევ დაჭირდება დიალოგს, რომ დაზუსტდეს ის საკითხები, რომელზეც მე მქონდა საუბარი, მათ შორის, საჯაროდაც იმისთვის, რომ კონსორციუმისგან მიღებული წინადადებები სრულად შესაბამისობაში იყოს ჩვენს სატენდერო მოთხოვნებთან. თუ ეს ასე მოხდა, რა თქმა უნდა, გამოვაცხადებთ გამარჯვებულს და გავაგრძელებთ მათთან თანამშრომლობას და შეთანხმებაზე მუშაობას“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა ანაკლიაში საზღვაოს სამუშაოების დაწყებაზეც გააკეთა განმარტება, მისი ინფორმაციით, ბელგიური საერთაშორისო-საინჟინრო კომპანია, რომელიც სამშენებლო ნაწილში არის სახელმწიფოს კონსულტანტი, აზუსტებს დეტალებს, რასაც დაახლოებით ერთი ან ორი  კვირა ესაჭიროება.

„ანაკლიის პორტის პროქტის ფარგლებში ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა და ბუნებრივია, გვსურს,  რომ ხარისხიანი შედეგი დაიდოს ორივე მიმართულებით“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ასევე იხილეთ