leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ კაშია BBC-სთან: ვფიქრობდი, რომ სანაკრებო კარიერა დამესრულებინა

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შემდეგი თამაში ჩეხეთთან, 22 ივნისს უწევს. ვილი სანიოლის გუნდი პიორველ მატჩში თურქეთთან 1:3 დამარცხდა, თუმცა, ძალიან მაგარი შთაბეჭდილება დატოვა და გულშემატკივრების დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

ეროვნული გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ BBC-სთან ინტერვიუში ევროპის ამ ისტორიულ ჩემპიონატზე ვრცლად ილაპარაკა.

  • როცა ფეხბურთის თამაში დავიწყე, მიზანი ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა და მინიმუმ ერთხელ დიდ სანაკრებო ტურნირზე გასვლა იყო. მე ძალიან გრძელი კარიერა მქონდა და 36 წლის ასაკში, ვფიქრობდი, რომ სანაკრებო კარიერა დამესრულებინა. ბოლო შეხვედრებში ჩემი ოცნება ახდა. ამას მართლა ვერ ვიჯერებდი, მაგრამ ამავდროულად, ვიცოდი, რომ ამას ვიმსახურებდი და ჩვენ ყველა ვიმსახურებდით. წარმოიდგინეთ, როცა შენი კარიერის ყველაზე დიდ მიზანს მიაღწევ, მაშინ ზუსტად ეს ვიგრძენი.

BBC: საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპის გასული ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში დამარცხდა. ამის შემდეგ, გეგონა თუ არა, რომ კიდევ მიიღებდი შანსს დიდ სანაკრებო ტურნირზე სათამაშოდ?

  • კვალიფიკაცია ჩვენნაირი ქვეყნისთვის ძალიან რთულია. თუ გინდა, რომ ჯგუფური ეტაპიდან გახვიდე, უნდა დაამარცხო ისეთი ნაკრებები, როგორებიც ესპანეთი, შოტლანდია და ნორვეგია არიან. შანსი არის, მაგრამ იცი, რომ არ მოხდება, რადგან ამ ჯგუფში ყველა მონდომებულია. ერთა ლიგა ჩვენთვის უფრო მარტივია, მაგრამ გზაში მაინც ბევრი კარგი გუნდის დამარცხება გვიწევს. კიდევ ერთ შანსზე ვფიქრობდი, მაგრამ არ მეგონა, რომ ამას მივაღწევდით.

BBC: მოდი, ვილაპარაკოთ იმ ღამეზე, როცა ეს ყველაფერი მოხდა და საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხეთ. სტადიონი სავსე იყო, ატმოსფერო ტელევიზორიდან შესანიშნავი ჩანდა. საბერძნეთი მაქამდე დამარცხებული არასდროს გყავდათ და მატჩი თითქმის შუაღამისას მორჩა.

  • ფანების და ყველა ადამიანის ემოციებს იგრძნობდი. ხანდახან, სიჩუმე იყო და მერე ხვდებოდი, როგორ ნერვიულობდნენ. სტვენაც კი არ შეეძლოთ. გულშემატკივრობაც უჭირდათ, რადგან ძალიან ღელავდნენ. ეს შეხვედრა ქართული ფეხბურთისთვის ნამდვილად გადამწყვეტი იყო. ასეთი ემოციური გულშემატკივრები არასდროს მინახია. ბოლოში ძალიან დიდი დრამა იყო.

BBC: როგორი იყო იმ ღამით თბილისი? გეძინათ საერთოდ?

  • არა, შემდეგი 3 ღამის განმავლობაში არა. 36 წლის ვარ, 120 წუთი ვითამაშე და გაუჩერებლად ვყვიროდი, ვცეკვავდი და ვფიქრობ, რომ ყველანაირი ალკოჰოლური სასმელი დავლიე. ჩვეულებრივ, მე არასდროს ვსვამ, რადგან ასეთი ადამიანი ვარ. მახსოვს, რამდენიმე ჩემი თანაგუნდელი, რომლებიც ბოლოს ერთად ჩემს სახლში აღმოვჩნდით. როცა დილის 8 საათზე გავიღვიძე, 5-6 მათგანს ჩემს სახლში ეძინა. გიჟური პერიოდი იყო და როცა გავიღვიძეთ, აღნიშვნა გავაგრძელეთ. რამდენიმე ინტერვიუ უნდა ჩამეწერა და სრულიად გამოფიტული და ნაბახუსევზე ვიყავი. საღამოს დალევა კიდევ გავაგრძელეთ და მაშინაც დილის 5 საათზე მივედი სახლში. შემდეგი სამი დღის განმავლობაში 4-5 საათი მეძინა.

BBC: რატომ გაჩერდით ბოლოს? სლოვაკეთში, შენს გუნდში უნდა დაბრუნებულიყავი?

  • სლოვანის მწვრთნელმა დამირეკა და მითხრა, რომ უნდა დავბრუნებულიყავი. არ ვარ ისეთი ადამიანი, რომელსაც აღნიშვნები უყვარს, მაგრამ ეს შემთხვევა განსაკუთრებული იყო და ჩემს თავს ამის ნება მივეცი. ნამდვილად ვისიამოვნე. შემდეგ დავბრუნდი და შეხვედრებიც ჩავატარე, მაგრამ, სიმართლე რომ გითხრათ, 3-4 კვირის განმავლობაში ემოციებისგან დაცლილი ვიყავი. ხანდახან, როცა გუნდი გოლს იტანდა, ვერც აღვნიშნავდი.

BBC: ქართულ ფეხბურთზე ისე ვერ ვისაუბრებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია არ ვახსენოთ. რამდენად არის მასზე ზეწოლა, როგორც გუნდის ვარსკვლავზე?

  • პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ მისი ნიჭი შესანიშნავია. რასაც ის ბურთით აკეთებს არანორმალურია. ხანდახან, ვარჯიშის დროს მის წინააღმდეგ დაცვაში თამაში მიწევს და ვიცი, რომ ეს წარმოუდგენელია. ვგრძნობ, რამდენად განსხვავებულია ყველასგან, ვისთანაც მითამაშია. წარმოუდგენელია, როგორ სწრაფად შეუძლია მოძრაობის მიმართულების შეცვლა, რა თქმა უნდა, ყველაფერს მოსდევს ზეწოლა, რადგან ეროვნულ გუნდში მასსა და სხვა მოთამაშეებს შორის სხვაობა დიდია და ყველა მისგან მოელის მატჩების მოგებას, რასაც აკეთებს, რადგან, თუ მის სტატისტიკას ნახავთ ეროვნულ გუნდში, როგორც მახსოვს, ჩვენი გოლების 70% მას აქვს გატანილი. როცა ბურთს ვიღებ, ყოველთვის მას ვეძებ. ახალგაზრდაა, მაგრამ იცის ზეწოლა როგორ დაძლიოს. იცის, რომ მთელი ქვეყანა მხრებზე ტვირთად აწევს და ზოგჯერ, შესაძლოა, მძიმეც იყოს, მაგრამ ამას ძალიან კარგად უმკლავდება. ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ გასახდელშიც ლიდერია. მახსოვს, საბერძნეთთან მატჩამდე მთელი გუნდი ერთად ვიყავით და თანაგუნდელებისთვის ბოლო სიტყვა ჰქონდა სათქმელი. ის ფეხბურთელებს ამხნევებდა და ისეთ სწორ რაღაცებს ამბობდა, რომ მოთამაშეებისათვის მოტივაცია მიეცა.

BBC: ჯგუფში თქვენთან ერთად მყოფი მეტოქეები უფრო გამოცდილები არიან, ვიდრე საქართველოა. რეალურად რას უნდა ველოდოთ?

  • ჩვენთვის უკვე დიდი წარმატებაა მანდ ყოფნა, მაგრამ, როცა ჩემს გუნდს ვუყურებ, ვფიქრობ, რომ მარტივად შეგვიძლია სიურპრიზის შემოთავაზება. რა თქმა უნდა, ტურისტებად არ მივდივართ, რადგან ქულების მოპოვება გვინდა. მჯერა, რომ ეს მომენტები ძალიან ემოციური იქნება. 120%-ით დავიხარჯებით. თუ ვიბრძოლებთ და მთლიანად კონცეტრირებულები ვიქნებით, ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია.

BBC: თუ ჯგუფში მესამე ადგილზე გახვალთ, შანსი გექნებათ, რომ შემდეგ ეტაპზე გახვიდეთ. გაძლევთ თუ არა ეს დამატებით მოტივაციას?

  • დიახ. ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორც გავაბედნიერეთ ჩვენი ქვეყანა კვალიფიკაციით და ვიცი, როგორ გავაბედნიერებთ ჩვენს ქვეყანას, თუ ჯგუფიდან გავალთ. ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ერთი მოგებაც საკმარისი იქნება გასასვლელად.

BBC: რას ნიშნავს ხალხისთვის საქართველოს “დიდ სცენაზე” ყოფნა?

  • როცა ხედავ ხალხს ქუჩებში ან ვიდეობში, რომლებიც გადაღებულია ბოლო პენალტის შესრულების დროს, ხვდები, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს მათთვის. ტიროდნენ, ერთმანეთს ეხუტებოდნენ, მთელი ღამე მღეროდნენ. ქართველი ხალხისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ვიცი, რამდენად ამაყები გავხადეთ ისინი.

ჩეხეთთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩს პორტუგალისთან, 26 ივნისს გამართავს.

ასევე იხილეთ