left_sabechdi

საქართველო-ჩეხეთის მატჩს გერმანელი არბიტრი იმსაჯებს

დანიელ ზიბერტმა სექტემბერში ესპანეთთან 1:7 წაგებული მატჩი იმსაჯა…

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მეორე ტურში, საქართველოსა და ჩეხეთის მატჩს გერმანელი დანიელ ზიბერტი იმსაჯებს.

უეფას ვებგვერდზე ეს ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა. მას თანამემამულეები იან ზეიდელი და რაფაელ ფოლტინი დაეხმარებიან, მეორე მსაჯი ბოსნიელ ირფან პელიტო იქნება, ხოლო VAR-ზე გერმანელი მარკო ფრიტცი იმუშავებს.

40 წლის ზიბერტს საქართველოს ნაკრების მატჩი უკვე აქვს განსჯილი, გასული წლის 8 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ ესპანეთის წინააღმდეგ, რომელშიც ვილი სანიოლის გუნდი 1:7 დამარცხდა. მიმდინარე ევროზე ის პირველად იმსაჯებს.

დანიელ ზიბერტი იყო 2022 წლის მუნდიალზე სკანდალური მატჩის, განა-ურუგვაის მსაჯი. სკანდალური იმიტომ, რომ ურუგვაელებს გერმანელ არბიტრთან საფუძვლიანი პრეტენზიები ჰქონდათ რამდენიმე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-ჩეხეთის მატჩი 22 ივნისს, ჰამბურგში გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

ასევე იხილეთ