leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი იონათამიშვილი: ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო, ოპოზიციას საკადრის პასუხს ის მცირერიცხოვანი მხარდამჭერი გასცემს, ვინც დარჩა

“პირველ რიგში, საკუთარი ამომრჩევლის ღალატს ნიშნავს, როდესაც ადამიანები არ გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებას და პოზიციებს (ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საკითხზე) – ჩანს, რომ 17 მაისს ისინი მართლაც ჩირგვებში იყვნენ დამალულები და მათ სურთ, რომ ვირტუალური სამყარო შექმნან”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, სადაც „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.

„რასაკვირველია, ვალდებულებათა შორის ყველაზე უზენაესი ვალდებულება ჩვენ შორის არის ვალდებულება ჩვენი საზოგადოების წინაშე. ოპოზიცია დაესწრება თუ არა ამ პროცესს, ამას არ აქვს მნიშვნელობა იმისთვის, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რომელიც, მიგვაჩნია, რომ არის აუცილებელი და მათი ინფორმირებულობა უზრუნველვყოთ, ვინაიდან ნებისმიერ ინიციატივას ვიღებთ მათი კარნახით, მათი დაკვეთით და ანგარიშვალდებულება გვაქვს, პირველ რიგში, მათთან.

დარწმუნებული ვარ, ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო, ოპოზიციას საკადრის პასუხს საკუთარი ის მცირერიცხოვანი მხარდამჭერი გასცემს, ვინც დარჩა, ვინაიდან, ეს, პირველ რიგში, საკუთარი ამომრჩევლის ღალატს ნიშნავს, როდესაც ადამიანები არ გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებას და პოზიციებს და უფრო მეტიც, რა პოზიციებსაც ვისმენთ მათი მხრიდან ტელეეკრანებიდან, ამის თქმას, მე მგონი, სულ რომ არაფერი თქვან, ის სჯობს. როდესაც ისინი ამბობენ, რომ ეს საკითხი არ არის მთავარი ჩვენს საზოგადოებაში და ამ საკითხებზე საუბარი არ არის ის, რაც ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენს საზოგადოებაში, ეს რომ ასე არ არის, კარგად გამოჩნდა 17 მაისს, მაშინ როდესაც ზუსტად ოჯახური ღირებულებების დასაცავად ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი თბილისსა და რეგიონებში გამოვიდა და გაერთიანდა ამ ფასეულობებისა და ღირებულებების ირგვლივ, რომელსაც დღეს ჩვენ ამ ინიციატივის სახით საკანონმდებლო ჩარჩოს და საკანონმდებლო ფორმას ვაძლევთ.

შესაბამისად, როდესაც ოპოზიცია ასეთ განცხადებას აკეთებს, მინიმუმ ის ჩანს, რომ 17 მაისს ისინი მართლაც ჩირგვებში იყვნენ დამალულები და მათ სურთ, რომ ვირტუალური სამყარო შექმნან, რაც, რა საკვირველია, ასე ვერ იქნება და ვერ გამოვა”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ასევე იხილეთ