“მომხმარებლის როლი სურსათის უვნებლობაში ძალიან დიდია. ვერცერთი ქვეყნის სააგენტო ვერასდროს ვერ შეამოწმებს ქვეყნის მასშტაბით ყველა ობიექტს. შესაბამისად, მომხმარებლის მხარეს რჩება რაღაც დოზით ვალდებულება, რომ თვითონაც იყოს მაკონტროლებელი,” – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მან მომხმარებლებს ამ მიმართულებით რჩევები მისცა.
„მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ მაგალითად სასურსათო მაღაზიაში ყურადღება მიაქციოს ეტიკეტს – ვადაგასული არის თუ არა მასზე დატანილი ინფორმაცია, კითხვადი თუ არის, ქართულად თუ აწერია და ა.შ. რესტორნის შემთხვევაში, როდესაც რაღაც არ მოგვეწონება, თავისუფლად შეგვიძლია დავრეკოთ სააგენტოს ცხელ ხაზზე – 1501. ჩვენი ოპერატორები 24-საათიან რეჟიმში იღებენ შეტყობინებებს. შარშან დაახლოებით 4 000 შეტყობინება იყო შემოსული. ყველა მათგანზე იყო რეაგირება“, – აღნიშნა ბასილაძემ.