მსოფლიოში ადამიანებს სულ უფრო ნაკლებად აინტერესებთ ახალი ამბები, რადგანაც ის ადამიანებისთვის მოსაწყენია და დეპრესიას იწვევს. ამის შესახებ ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა მიუთითებს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
კვლევის მიხედვით, რომელიც იანვარ-თებერვალში 47 ქვეყანაში ჩატარდა, გამოკითხულთა 39% ნიუსების ყურებისგან შეგნებულად თავს იკავებს. ეს 2017 წლის მონაცემებს 10%-ით აღემატება. კვლევის ავტორთა აზრით, ეს ტენდენცია გამოწვეული პირველ რიგში, უკრაინაში და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომებით.
საარჩევნო კამპანიამ აშშ-ში და სხვა ქვეყნებში ახალი ამბების მიმართ ინტერესი ოდნავ გაზარდა, მაგრამ საერთო ჯამში ეს ტენდენცია შენარჩუნებულია. დიდ ბრიტანეთში 2015 წლიდან ახალი ამბების მიმართ ინტერესი თითქმის ორჯერ შემცირდა.
ბოლო ათწლეულში ახალი ამბების ისეთი ტრადიციული წყაროების წილი, როგორცაა ტელევიზია და ბეჭდური მედია, მნიშვნელოვნად შემცირდა. ახალგაზრდების უმეტესობას ურჩევნია სიახლეების გაგება ინტერნეტით ან სოციალური ქსელებით. დიდ ბრიტანეთში გამოკითხულთა 73%-მა განაცხადა, რომ ნიუსებს ონლაინ იგებს და მხოლოდ 14%-მ თქვა, რომ სიახლეებს ბეჭდური მედიით ეცნობა.
სოციალური ქსელებიდან ახალი ამბების წყაროებს შორის პირველ ადგილს ფეისბუკი იკავებს. ამასთანავე, YouTube და WhatsApp სიახლეების გაცნობის მნიშვნელოვან წყაროებად რჩება. რაც შეეხება TikTok-ს, ამ პლატფორმამ ბოლო დროს სოციალურ ქსელს X-ს გაასწრო.