left_sabechdi

კახა ცხადაძე ჩეხეთთან მატჩზე: მძიმე თამაში იქნება, ფაქტია, რომ ძალიან ძლიერი გუნდია, ჩვენი სიძლიერე, როგორც ყოველთვის, არის ძლიერი ინდივიდუალური, ტექნიკური ფეხბურთელები

„მძიმე თამაში იქნება, ფაქტია, რომ ძალიან ძლიერი გუნდია, ჩვენი სიძლიერე, როგორც ყოველთვის, არის ძლიერი ინდივიდუალური, ტექნიკური ფეხბურთელები”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა ცხადაძემ.

კახა ცხადაძის შეფასებით, ჩეხეთთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მცველთა გუნდმა შესაბამისი ანალიზი უნდა გააკეთოს.

„მძიმე თამაში იქნება, ფაქტია, რომ ძალიან ძლიერი გუნდია, სუფთა ბრიტანულ ფეხბურთს თამაშობს. აქედან გამომდინარე ანალიზს გააკეთებს მცველთა ჯგუფი და დადგებიან ისე, როგორც საჭიროა. როდესაც ფიზიკურად ძლიერი, მაღალი ფეხბურთელები ჰყავთ, სტანდარტულები ძალიან მძიმე იქნება ჩვენს კარებთან, ამიტომ, რაც უფრო შორს ვიქნებით ჩვენი კარიდან, მით უკეთესი იქნება. ისეთი დიდი ინიციატივა არ უნდა მივცეთ, როგორც ეს მეორე ნახევრის დასაწყისში მოხდა თურქეთთან“, – განაცხადა ყოფილმა კაპიტანმა.

მან საქართველოს ნაკრების ძლიერ მხარეზეც ისაუბრა.

„ჩვენი სიძლიერე, როგორც ყოველთვის, არის ძლიერი ინდივიდუალური, ტექნიკური ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ ძალიან კარგი ინდივიდუალური მომენტების შექმნა. ეს არის ჩვენი სიძლიერე შეტევაში. ვთვლი, რომ შეტევითი პოტენციალი ჩვენს ნაკრებს ერთ-ერთი საუკეთესო აქვს და ეს გამოჩნდა კიდეც ამ ევროპის ჩემპიონატზე“, – აღნიშნა კახა ცხადაძემ.

მისი შეფასებით, საქართველოს ნაკრებზე პირველ თამაშზე დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო.

„ის პირველი 15 წუთი, რაც ვნახეთ, რა თქმა უნდა, არ ასახავს იმ თამაშს, რაც შეუძლია, ჩვენს ნაკრებს და როდესაც გოლი გავიშვით, დავინახეთ, რომ ამ ნაკრებს შეუძლია გადაწყობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ გუნდს აქვს ისეთი ფსიქოლოგიური და ტექნიკური მარაგი, რომ გარდაქმნას და შეცვალოს თამაში. სტატისტიკიდან გამომდინარე რომ ვიმსჯელოთ, ის მომენტები, რამდენიც ჩვენ შევქმენით, აბსოლუტურად ეყოფოდა ორ თამაშს მოსაგებად“, – განაცხადა კახა ცხადაძემ.

ასევე იხილეთ