პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში კურსების გამოშვებისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა. „სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსის სამხედრო სპეციალისტთა მომზადების პროგრამა“, რომელიც ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა გაიარეს, სამთო-ტექნიკურ მომზადებას მოიცავდა. საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ კი, „სამთო მომზადების ზაფხულის ტაქტიკურ-ტექნიკური სამხედრო სპეციალისტთა მომზადების პროგრამა“ დაასრულა.
კურსდამთავრებულებს სწავლებების წარმატებით ჩატარება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცეს და თავდაცვის ძალებში სამთო მიმართულებისა და სამთო სწავლებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ სკოლის ხელმძღვანელობასა და ინსტრუქტორებს გაწეული შრომისთვის, ასევე, საერთაშორისო პარტნიორებს სამთო სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.
ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ. კურსების დასრულების ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები, აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო და ამერიკის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენლები (ODC) დაესწრნენ.